არჩევნები 2018

"დღეს წყდება, დაბრუნდება თუ არა ის დრო, როცა დაინერგა ჩადებები" - ბირჟა მაფიის წევრის მიმართვა

ბირჟა მაფიის წევრმა მიშკა მგალობლიშვილმა (Young Mic) ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი კლიპით მან მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატა.

"ვთქვი, რომ არ მინდა იმ სისასტიკის დაბრუნება, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში. ამის პასუხად ვიღაცებისგან წამოვიდა ლანძღვა და ე.წ ბულინგი ჩემი მისამართით.

მინდა ერთი რამ გითხრათ - მე ვარ ხელოვანი ადამიანი, ჩემს სათქმელს ვამბობ ჩემი შემოქმედებით. დღეს არ წყდება პოლიტიკის საკითხი, დღეს წყდება, დაბრუნდება თუ არა ის დრო, როცა დაინერგა ჩადებები, როცა განსხვავებული აზრის გულისთვის ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ, ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ასე მაბულინგებს, რომ რომ ისინი სინამდვილეში თავიანთი საქციელით, ხელს უწყობენ იმას, რომ, დაბრუნდეს ის დრო, როცა ასეთ კომენტარებსაც კი შიშით ვერ დაწერდნენ. ამიტომ, თქვენი ბულინგი არ მოქმედებს, მე გავაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას და პოზიციის დაფიქსირებას ჩემი შემოქმედებით" - ამბობს მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic).

კლიპი, რომელშიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს, ბირჟა მაფიის წევრმა გუშინ ჩაწერა.

"აბა, მაშინ გეცადა და მთავრობაზე გეხუმრა... დაგამუღამებინებდნენ, ღადაობა როგორ უნდა, განახებდნენ, ოთხზე დაყენება როგორ უნდა", "რა ჩადება, რის ჩადება, დაგიჭერდა, გაწამებდა", "ქალი, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული, მეორე მხარეს კაცი, საბჭოთა პრორუსული, კაგებეს ძველს თანამშრომელს თურმე უდგას ქართული სული, ნუთუ გჯერათ და ჯერაც არ გცემთ ტყუილის სუნი" - მღერის რეპერი და რუსთავი 2-ს "არასწორს" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ედებოდათ და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს ღონისძიება გირაოთი შეცვალა. 

თავად რეპერების მტკიცებით, მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და რეალურად კლიპისთვის (Tsl Shavi Zeda) დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული - ის მუხლებზე დგას და ყელზე საბელი აქვს შებმული. მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და იმისთვის დაისჯებიო". ასევე ელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

რეპერების დაკავების გამო, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები იმართებოდა. ასევე მათი გათავისუფლების მოთხოვნით, შეიქმნა პეტიცია. პარლამენტის "დამოუკიდებელი დეპუტატი" და ამჟამად ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კი, არ სჯეროდა, რომ რეპერები აზრის გამოთქმისთვის დაიჭირეს და უკვირდა - "რა ალიაქოთი ატყდა". ის ბირჟა მაფიას მხარდამჭერ აქციებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებდა.

საქართველოს პროკურატურამ ბირჟა მაფიას წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის დეკემბერში შეწყვიტა. 

კომენტარები