არჩევნები 2018

შსს: ონში ენმ-ის შტაბის უფროსზე თავდასხმა პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ონში ენმ-ის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე თავდასხმა პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა. შსს-ს მტკიცებით, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში დააკავეს. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ საქმეში ფიგურირებს ფაქტის შემსწრე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. შსს-ს ცნობით, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

"ჩატარებული გამოძიებით (მათ შორის თვითმხილველების ჩვენებებით), ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება კონფლიქტის დეტალების შესახებ ცალკეული პირების მიერ მედიით გავრცელებული ინფორმაცია.

გამოძიებით დადგენილია, რომ 1965 წელს დაბადებული ბრალდებული 22 ნოემბერს, ღამის საათებში მივიდა მეგობართან გასაღების გამოსართმევად. ბრალდებული ქუჩიდან ხმამაღლა ეძახდა მეგობარს. აღნიშნულ ხმაურზე იქვე მეზობლად მცხოვრებმა ნოდარ ბურდილაძემ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოიხედა და ხმაურის გამო შენიშვნა მისცა კახა ისაკაძეს, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გაღიზიანდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნოდარ ბურდილაძეს ბრალდებულმა კ.ი.-მ დანით ჭრილობა მიაყენა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დაზიანების ხარისხის და მიყენების მექანიზმის დასადგენად" - აცხადებს შსს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას მტკიცებით, დაჭრილი ნოდარ ბურდილაძე იძულებული გახდა, თავისი მანქანით წასულიყო ონის საავადმყოფოში, რა დროსაც, გონება დაკარგა და ავტოავარია შეემთხვა. ამასთან, ენმ-ის წევრების მტკიცებით, ექიმები ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ონის მერის ემზარ საბანაძის ნებართვას, რომ დაჭრილი უახლოეს საავადმყოფოში გადაეყვანათ.

"მას შემდეგ, რაც გონზე მოვიდა, მან როგორღაც მოახერხა და საკუთარი ფეხით მივიდა ონის საავადმყოფოში. ის გააფორმეს, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული. პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი ქართული ოცნების წევრთან, ონის მერთან ემზარ საბანაძესთან, რომელიც ონში არის იგივე პერსონა, რაც ენზელ მკოიანი ახალციხეში. ის გახლავთ, შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის მამა. დილის 6 საათზე, დაჭრილი ნოდარ ბურდილაძე გადაიყვანეს თერჯოლის სააავადმყოფოში" - ამბობს მელია.

ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები