ბუტა რობაქიძის საქმე

დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნა, სადაც სალომე ზურაბიშვილიც მივიდა

Tskhoidze Nino /Fb.com

დიდუბის ეკლესიასთან 2004 წლის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნა. გახსნას ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. როგორც მემორიალზე წერია, ის "სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდებს ეძღვნება".

ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის თქმით, მემორიალი მხატვარმა ვლადიმერ სტურუამ, "თავისი კეთილი ნებით, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე" გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ "ეს მემორიალი დარჩება მარადიულ აღნიშვნად იმ საშინელი წლებისა, რაც იყო სააკაშვილის რეჟიმი და ის, რომ არასდროს აღარ უნდა დავუშვათ ამ რეჟიმის დაბრუნება".

პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა იყო ის წლები, რომელმაც დაანადგურა ადამიანები, მათი თავისუფლება, მათი ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს, ჩვენ გვინდა ახალი საქართველო".

19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. პატრულს, რომლის გასროლილმა ტყვიამაც იმსხვერპლა რობაქიძე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა და შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა ბრალი.

კომენტარები