არჩევნები 2018

გჯერათ, რომ ბირჟა მაფიის წევრები აზრის გამოთქმისთვის დაიჭირეს? - რას წერდა ზურაბიშვილი 2017-ში

მას შემდეგ, რაც "ბირჟა მაფიის" წევრმა მიშკა მგალობლიშვილმა ხელისუფლების მხარდამჭერი კლიპი ჩაწერა, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ძველი განცხადება Facebook-ში განხილვის თემა გახდა. 2017 წლის ივნისში სალომე ზურაბიშვილს არ სჯეროდა, რომ ბირჟა მაფიის წევრები სიტყვის თავისუფლების და გამო დაიჭირეს. ის რეპერების მხარდამჭერ აქციებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებდა.

"რაზეა ალიაქოთი შექმნილი? ვინმეს გჯერათ, რომ ეს ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლების და "აზრების" გამოთქმის გამო დაიჭირეს? თუ გჯერათ, რომ წვიმა და ავდარში სპონტანურად გამოდის უცებ მოსახლეობა თბილისში და ბათუმში და ასეთ ორგანიზებული სახე ეძლევა ამ ყველაფერს? 

ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს? ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა" - წერდა "დამოუკიდებელი დეპუტატი" სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში.

ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს მაშინ მიაჩნდა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია სხვა საკითხია და რეპერების დაკავების ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

"ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია, ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა, მიღებული იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება ... ამ ახალ აგორებულ "სკანდალზე" არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა ....აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არა ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება. არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!", - ამბობდა ზურაბიშვილი და აღნიშნავდა, რომ "პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ".

ბირჟა მაფიის წევრმა, რეპერმა Young Mic-მა (მიშკა მგალობლიშვილი) ხელისუფლების მხარდამჭერი კლიპი დღეს ჩაწერა. ის ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს.

"აბა, მაშინ გეცადა და მთავრობაზე გეხუმრა... დაგამუღამებინებდნენ, ღადაობა როგორ უნდა, განახებდნენ, ოთხზე დაყენება როგორ უნდა", "რა ჩადება, რის ჩადება, დაგიჭერდა, გაწამებდა", "ქალი, საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული, მეორე მხარეს კაცი, საბჭოთა პრორუსული, კაგებეს ძველს თანამშრომელს თურმე უდგას ქართული სული, ნუთუ გჯერათ და ჯერაც არ გცემთ ტყუილის სუნი" - მღერის რეპერი და რუსთავი 2-ს "არასწორს" უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით ედებოდათ და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს ღონისძიება გირაოთი შეცვალა. 

თავად რეპერების მტკიცებით, მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და რეალურად კლიპისთვის (Tsl Shavi Zeda) დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული - ის მუხლებზე დგას და ყელზე საბელი აქვს შებმული. მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და იმისთვის დაისჯებიო". ასევე ელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

რეპერების დაკავების გამო, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები იმართებოდა. ასევე მათი გათავისუფლების მოთხოვნით, შეიქმნა პეტიცია.

საქართველოს პროკურატურამ ბირჟა მაფიას წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის დეკემბერში შეწყვიტა. 

კომენტარები