ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის თქმით, მის კომპანიას ბიძინა ივანიშვილის "ქართუმ" არჩევნებამდე 2 დღით ადრე 8 მილიონამდე ლარი გადაურიცხა, ჩამოაწერეს ბიუჯეტის ვალი და სანაცვლოდ მოითხოვეს ეთქვა, რომ ფარული ჩანაწერების შეგროვება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ აქვთ დოკუმენტები, რომელიც სწორედ ამ გადარიცხვებს ასახავს. ტელეკომპანიამ შესაბამისი დოკუმენტები კურიერში წარადგინა.
ზაზა ოქუაშვილმა გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ "ომეგა ჯგუფის" ამუშავებას წინ უძღოდა ხელისუფლების მხრიდან ათობით მილიონის შეთავაზება. მისი ინფორმაციით, 26 ოქტომბერს თანხის ნაწილი, 8 მილიონამდე ლარი, "ქართუ ბანკმა" ყოველგვარი გარანტიების გარეშე, დახურულ კომპანიას გადაურიცხა.
ტელეკომპანიის ცნობით, ბიზნესმენს მის მიერ დაანონსებულ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე დაუკავშირდნენ და რამდენიმე წინადადება შესთავაზეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ პრესკონფერენციაზე უნდა წარმოედგინა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიერ 4 მილიონის მოთხოვნის დამადასტურებელი მასალა.
ბიზნესმენის ინფორმაციით, ინფორმაციით, პრესკონფერენციის დაანონსების შემდეგ "ომეგა ჯგუფმა" მიიღო ვალის რესტრუქტურიზაციის პირობა, მას ჩამოაწერეს მილიონობით ლარი და 55-ის ნაცვლად კომპანიას უნდა გადაეხადა 10 მილიონი. ასევე ზაზა ოქუაშვილის კომპანიამ მოიგო სასამართლო დავა, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, "ომეგა ჯგუფმა" მიიღო ხელშეკრულება ძვირადღირებული მანქანების შეთავაზებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მოხდა ორ დღეში.
"პარკები გაიტანეს, დაიწყო მუშაობა საღამოსვე. "ქართუმ" გასცა 8 მილიონამდე თანხა. გაიყიდა სადღაც 5 მილიონის მანქანები, თუ იყიდებოდა. რესტრუქტურიზაციაზე ისევე 26-ში მიიღო თანხმობა ფირმამ უკვე გვიან, რომ გადაიხდიდნენ მხოლოდ 10 მილიონს. ეს იყო შეთანხმება ხელის ჩამორთმევით, 6 კაცი ესწრებოდა. საქმის კურსში ჩადგა ინგლისის საელჩოც, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მაშინ როდესაც ფირმა გაჩერებულია, კონფლიქტი აქვს ბანკთან შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მადლიერი იყო, რომ ამ შემთხვევის მიუხედავად, უცებ ორ საათში ბანკი გადარიცხავს და კრედიტში გამოუყოფს ყოველგვარი დამატებითი კონტრაქტით, უზრუნველყოფის გარეშე მილიონებს", - თქვა ოქუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
მისივე თქმით, ამის სანაცვლოდ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განცხადების გაკეთება მოსთხოვეს და მისცეს შესაბამისი ტექსტიც. ოქუაშვილი ამბობს, რომ ამ ტექსტის მიხედვით, მას უნდა ეთქვა, რომ გავრცელებული ჩანაწერები დადგმული იყო, რადგან ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა მას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შავი პიარისთვის კომპრომატები მოითხოვეს.
ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, ეს პირადად პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის დავალება იყო. რუსთავი 2 ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზანი ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყება და მიხეილ სააკაშვილს დისკრედიტაცია იყო.
-----
შეგახსნებთ, რომ 9 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "იბერია ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება. საუბრის მიხედვით, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანია "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
10 სექტემბერს ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფის" მფლობელს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. იგივე ჩანაწერი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა.
14 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარება შეუძლია. ის ახსენებს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც. ჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა"
21 სექტემბერს კურიერმა მეოთხე აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. "ომეგა ჯგუფი" საქართველოში BMW-ს ოფიციალური დილერია და სავარაუდოდ, ყიფიანი მას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს.
ამის შემდეგ კვლავ გავრცელდა ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.
რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა აღიარა, რომ ლევან ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.
გარდა ამისა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.
3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.
5 სექტემბერს, პროკურატურამ სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, დამზადებულია მონტაჟით.
მთავარმა პროკურატურამ 9 ოქტომბერს ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, ლევან ყიფიანმა გამოძიებასაც უთხრა, რომ მისი და ზაზა ოქუაშვილის საუბარი დადგმულია და მისი ჩაწერა შეთანხმებულად მიმდინარეობდა, რათა პოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან დავალიანების გადავადება გაადვილებოდა. თუმცა, ყიფიანი ამბობს, რომ ისინი დამონტაჟებულია და მათ ავთენტურობას არ ადასტურებს.
10 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პროკურატურაში განცხადება ზაზა ოქუაშვილის მხრიდან ლევან ყიფიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად მითვისებას შეეხება, მეორე, სამოქალაქო სარჩელი კი ლევან ყოფიანისპატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
27 ოქტომბერს საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფმა" 26 ოქტომბერს 1 მლნ ლარის დავალიანება გადაიხადა და წარმოების განახლების ნებართვა ითხოვა. უწყება ამბობდა, რომ მათ გაითვალისწინეს კომპანიის მოთხოვნა და ინკასო მოხსნეს, ასევე ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, რათა კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, იმ დროის მდგომარეობით "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე 52.8 მილიონ ლარს აჭარბებდა.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში შემოსავლების სამსახურმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ოჯთ"-ს დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე ნებართვის მისაღებად. სასამართლომ 2018 წლის ივნისში შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც კომპანიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და შემოსავლების სამსახურს მიეცა იურიდიული უფლება დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანოს.
ამასთანავე, "ომეგა ჯგუფს" 84- მილიონიანი დავალიანება აქვს საქართველოს ბანკის წინაშე. ბანკის განცხადების მიხედვით, ზაზა ოქუაშვილის კომპანია სასესხო ვალდებულებას 2016 წლის შემდგომ აღარ ასრულებს.