არჩევნები 2018

თავისუფალი დემოკრატები: არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ

"ჩვენ არ გამოვხატავთ მხარდაჭერას არც ერთი ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მიმართ და ვერც საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ რომელიმე მათგანის მხარდაჭერისაკენ." - თავისუფალი დემოკრატები მხარს არც სალომე ზურაბიშვილს და არც გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ. პარტია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარტია მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებმა ფაქტობრივად სახელისუფლებო არჩევნების შინაარსი შეიძინა.

"ჩვენი ამგვარი პოზიცია ქვეყნის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახები. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნიათ რესურსი, რომ უპასუხონ საქართველოს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ განვითარების უპირობო მოთხოვნას - სახელმწიფოს ინსტიტუციური მმართველობის ჩამოყალიბებას. მათ ეს ვერ შესძლეს მმართველობის შესაბამისად 9 და 6 წლიან პერიოდებში. ისინი ამ მოთხოვნის საწინააღმდეგო წესრიგით მოწყობილ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ მთელი თავიანთი მენტალიტეტით, ინფრასტრუქტურით და მოლოდინებით, რომლებსაც აჩენს საკუთარ მხარდამჭერებში, რაც გამორიცხავს მათ მიერ მომავალში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ ორივე ძალის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც, აბსოლუტურ ძალაუფლებაზე ორიენტირებული პერსონები არიან, რაც შეუთავსებელია დემოკრატიასთან. ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ მომავალ საქმიანობაზე და შესაბამისად, ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ." - წერია განცხადებაში.

თავისუფალი დემოკრატებს ასევე მიაჩნიათ, რომ "ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის არ იქნება სასარგებლო საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაზე ადრე ჩატარება და ამის არც ობიექტური საჭიროებაა და არც კანონიერი საფუძველი. პარტია მიმართავს ხელისუფლებას უზრუნველყოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება და არჩევნების ნებისმიერი შედეგი მიიღოს ხალხის გამოხატულე ნებად. 

კომენტარები