არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ენმ-მ კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, ტერორიზმითა და დააგვირგვინა ანტისემიტიზმით

ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება". ზურაბიშვილის თქმით, "მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობა იყენებს ევროპული კამპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელ მეთოდებს. მან ეს კამპანია დაიწყო ქსენოფობიით, გააგრძელა ტერორიზმითა და ბოლოს დააგვირგვინა ანტისემიტიზმით".

პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, ტურისტების მოხსენიება “გაძვალტყავებულ ჯღანებად” არის ქსენოფობიის ნათელი მაგალითი.

"სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანისგან ვიღებდით მე და ჩემი შვილები, არის ტერორიზმის მაგალითი.

შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული ისრაელიდან მოწვეული პიარ სპეციალისტის - ბ-ნ მოშე კლუგჰაფტის მიმართ, არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი.

ქსენოფობია, ტერორიზმი და ანტისემიტიზმი - ეს არის გზა ტოტალიტარიზმამდე" - წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, "არც მე და არც ქართველ ხალხს არ გვეშინია მუქარის". ის ასევე დარწმუნებულია, რომ "მიხეილ სააკაშვილი და მთელი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეცვლის ქართველი ხალხის საბოლოო გადაწყვეტილებას". სალომე ზურაბიშვილს მტკიცედ სწამს, რომ "28 ნოემბრის არჩევნებზე საქართველო გააკეთებს პრინციპულ არჩევანს".

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქსენოფობიაში თავად სალომე ზურაბიშვილიც დაადანაშაულეს. კერძოდ, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგმეს.

"ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას“ - წერია რასამთავრობო ორგანიზაციების 4 ოქტომბრის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას. 

2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”.

NGO-ები აღნიშნავდნენ, რომ ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირველი რასისტული და  ქსენოფობიური შინაარსის  განცხადება. 2013 წლის 31 იანვარს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მან დაწერა - “ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ". ერთ-ერთ  განცხადებაში კი თქვა, რომ უცხოელებმა "ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადააქციოს შარდენი და აღმაშენებელი".

კომენტარები