საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში 1964 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი., დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ი. თბილისში, 1958 წელს დაბადებულ ტ.ლ.-ს, მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წლების განმავლობაში ფულს სისტემატურად სძალავდა. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, დახლოებით, 180 000 ლარია", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც დაზარალებულს მისივე კუთვნილი ლომბარდიდან თანხის გამოტანა აიძულა და ფული გამოსძალა.
"გამოკითხვისას ტ.ლ.-მ პოლიციას ასევე განუცხადა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის ივნისში დააყაჩაღა", - აღნიშნავენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება გამოძალვის და ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.