2008 წლის აგვისტოს ომი

კალაძე: სააკაშვილი, გაუაზრებლად თუ მოღალატეობრივად, რუსის ჯარს შემოუძღვა​

კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და წინა ხელისუფლება და ექსპრეზიდენტი "საქართველოში რუსეთის ჯარის შემოძღოლასა და ღალატში" დაადანაშაულა.

"პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა;

ეს ის ხალხია, რომელმაც საერთაშორისო რეზოლუციებში ფაქტიურად დაუკანონა რუსებს ოკუპაცია და ისე მოუქცია ქვეყანას საქმე, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აქეთ გვიჩივლა ოკუპანტმა;

პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს.

დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში. ის უსინდისო და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული კამპანიაც, რაც ვითომდა ჰააგის ტრიბუნალის მიერ საქართველოს გამტყუნებას და ქართველი სამხედროების გასამართლების გამოგონილ საფრთხეს ეხება, ისევ და ისევ საკუთარი დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვის და სხვაზე გადაბრალების სტრატეგიის ნაწილია", - თქვა კალაძემ. 

კალაძე გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა - "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ "საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ". 

ვაშაძემ კი, თავის მხრივ, თეა წულუკიანის იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის მინისტრმა თქვა:"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) საქართველოს სახელმწიფო ვერ გამტყუნდება და შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა". 

კომენტარები