შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2018 წელს ქალების მკვლელობები შემცირდა. 2018 წლის 10 თვეში 11 ქალი მოკლეს. 5 შემთხვევაში მკვლელი ოჯახის წევრი იყო, ხოლო 6 - ში - სხვა პირი.
სამინისტრო ათი თვის მონაცემს ადარებს წინა წლის მონაცემებს. მათი ინფორმაციით, გასულ წლებში ასეთი სტატისტიკური სურათი იყო:
• 2016 წელს მოკლეს 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 - სხვა პირის მიერ.
• 2017 წელს მოკლეს 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 - სხვა პირის მიერ.
ასევე, უწყების ინფორმაციით, 2018 წელს არცერთ ქმარს ან ყოფილ ქმარს ცოლი არ მოუკლავს. წელს ოჯახში მკვლელობების ხუთი შემთხვევიდან ერთში შვილმა-დედა, მეორეში დამ-და, მესამეში ძმამ-და, ხოლო მეოთხეში მამინაცვალმა-გერი მოკლა. შსს-ის ცნობით, მეხუთე შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი პირი მსხვერპლთან ერთიან "საოჯახო მეურნეობას ეწეოდა." 2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობებიდან კი 1 დანაშაული ჩადენილია პარტნიორის მიერ.უწყების ინფორმაციით, 2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 შემთხვევა აღირიცხა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა. ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ - სისხლისსამართლებრივი დევნა.