არჩევნები 2018

"ვემზადებით გამარჯვებისთვის" - ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, "სალომე ზურაბიშვილმა ათივე შტაბის წარმომადგენელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა".

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, გამარჯვებისთვის ემზადება.

"დღეს ვიყავი თბილისის ყველა შტაბში. მინდოდა მადლობა გადამეხადა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეხმარებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა. წინ კიდევ ბევრი საქმეა და ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ. დიდია შემართება და მზადყოფნა, ხალხი გრძნობს მობილიზებას და აქვს კარგი განწყობა. ვემზადებით გამარჯვებისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო შტაბები ქართულმა ოცნებამ შექმნა. თბილისის შტაბს კახა კალაძე ხელმძღვანელობს, ხოლო რეგიონებში - ირაკლი კობახიძე.

არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მეორე ტური მაქსიმუმ 2 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები