აშშ-ის შუალედური არჩევნები

კოლორადოში აშშ-ის ისტორიაში პირველად ღიად ჰომოსექსუალი გუბერნატორი აირჩიეს

Getty Images

6 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. 36 შტატში ამერიკელებმა კონგრესის ზედა და ქვედა პალატის წევრების გარდა გუბერნატორებიც აირჩიეს.

კოლორადოს შტატის გუბერნატორი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ჯარედ პოლისი გახდა. ის პირველი ღიად ჰომოსექსუალი ადამიანია, რომელიც აშშ-ში გუბერნატორად აირჩიეს.

პოლისი 2009 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრია.

ჰომოსექსუალი გუბერნატორი ჰყავდა ნიუ-ჯერსისაც, თუმცა დემოკრატმა ჯიმ მაკგრივიმ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2004 წელს ისაუბრა ღიად, როდესაც ის უკვე იკავებდა თანამდებობას. ორეგონს პირველი ღიად ბისექსუალი გუბერნატორი, კეიტ ბრაუნი ჰყავს. ის პოსტზე 2016 წელს აირჩიეს.

თუმცა პოლისი პირველი ღიად ჰომოსექსუალი კანდიდატია, რომელიც გუბერნატორად აირჩიეს. მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია არ დაუმალავს და მასზე ხშირად საუბრობდა, როგორც განმასხვევებელზე ტრამპის ადმინისტრაციის წევრებისაგან.

კონგრესში ის მარიხუანას ლეგალიზებას უჭერდა მხარს, ხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მისი მთავარი დაპირებები  ჯანდაცვას, განახლებად ენერგიას და სიკვდილით დასჯის გაუქმებას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების შედეგებით დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვება შეძლო, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა გაიმყარა.

არჩევნების შედეგად ქალები კონგრესში აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტ ადგილს დაიკავებენ. ამ დრომდე ქალებს წარმომადგენელთა პალატაში 84 ადგილზე მეტი არასოდეს მოუპოვებიათ, თუმცა ამჯერად, წინასწარი შედეგების მიხედვით ეს რიცხვი უკვე 98-ს აღწევს. წინაწარი შედეგებით 12 სენატორ ქალთან ერთად კონგრესში ქალების რიცხვი ამ დრომდე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 107-ს გადააჭარბებს.

29 წლის ალექსანდა ოკაზიო-კორტეზი ყველაზე ახალგაზრდა კონგრესმენი ქალი გახდება აშშ-ის ისტორიაში, მინესოტასა და მიჩიგანში პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალები კონგრესში, ხოლო კანზასსა და ნიუ მექსიკოში პირველი ინდიელი ქალები. შერის დევიდსი, რომელმაც კანზასში გაიმარჯვა, ამასთანავე პირველი ღიად ჰომოსექსუალი ინდიელი ქალი იქნება კონგრესში. ყველა მათგანი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს.

კომენტარები