ხორავას ქუჩის საქმე

კობახიძე: არ არის სწორი საქციელი, რომ 7 ნოემბერს ევროპული საქართველო ულტიმატუმებით გამოდის

“როდესაც 7 ნოემბერს ეს ადამიანები გამოდიან ასეთი ულტიმატუმებით, ეს არ არის, ნამდვილად, სწორი საქციელი”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, მმართველმა გუნდმა 10 დღის ვადაში შეასრულოს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები. 

ევროპულმა საქართველომ რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს შსს-ს და მთავარ პროკურატურას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. საპარლამენტო უმცირესობა პროექტს დღეს დაარეგისტრირებს. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რამდენიმე რეკომენდაცია უახლოეს 10 დღეში შესრულდეს. კერძოდ, მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება და იმ ადამიანების დასჯა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "ამ საქმის მიჩქმალვაში".

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, მათი რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი ქართული ოცნებისთვის.

"მართლაც მიიღეს საზოგადოების სიგნალი, მიხვდნენ, რას ელოდება მათგან ხალხი, მათ შორის სიმართლის დადგენის სფეროშიც თუ ეს ყველაფერი გახლავთ ისეთი ტყუილი, როგორიც არაერთგზის მოგვისმენია ქართული ოცნებისგან სხვა საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები