თბილისის მერია

220 ახალი ავტობუსის შესასყიდად თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ერთეული ახალი, 8-მეტრიანი ავტობუსის შესასყიდად გასულ კვირას ტენდერი გამოაცხადა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ტენდერი უახლოს დღეებში დასრულდება.

"ახალი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლიდან დაიწყება. ტენდერი უახლოეს დღეებში დასრულდება და გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. ასევე, 2019 წელს ვაპირებთ, 150 ერთეული, გაზზე მომუშავე ახალი ავტობუსის შემოყვანას, 90 ერთეული კი - ელექტროავტობუსი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, დამატებით, ახალი ელექტროავტობუსების შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. ჩვენთვის პრიორიტეტულია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის მთავარი გზავნილია - "მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები ავტომანქანა ქალაქში“. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ეკოლოგიის, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება კი, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, არის სხვა პრობლემებიც, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან მალე, ეკოლოგიურ მდგომარეობას რადიკალურად შევცვლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის თებერვლიდან MAN-ის ფირმის 90 ავტობუსს შემოიყვანენ.

"კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან მათი შემოყვანა ეტაპობრივად დაიწყება. 2019 წლის ბოლოსთვის კი გვინდა, რომ ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერს ავტობუსის ფერებზე ემჯერად აღარ უსაუბრია. ორი კვირის წინ, კახა კალაძე მიუნხენში, MAN-ის შოურუმში იმყოფებოდა და LIVE-თ შესთავაზა მოქალაქეებს სამგზავრო ავტობუსების ფერების ვერსიები. მისი აზრით, უკეთესია მწვანე ფერი და შავის და თეთრის კომბინაცია. ამ საკითხზე თბილისის მერიამ Facebook-გამოკითხვაც ჩაატარა და მწვანესა და ვერცხლისფერს შორის არჩევანის გაკეთება მოქალაქეებს შესთავაზა. ამ ეტაპზე, 66%-ით მწვანე "იმარჯვებს".

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ჯერ ტაქსების ფერად განსაზღვრა თეთრი, ხოლო შემდეგ, "მწვანე პოლიტიკის გამო" განაცხადა, რომ ავტობუსების სავარაუდო ფერი მწვანე და თეთრის კომბინაცია იქნება.

კომენტარები