თორდია: ყველაფერი დადგმული სპექტაკლია - არანაირი ყოფითი პრობლემები ფარცხალაძესთან არ მაქვს

ჩვენ აუცილებლად გამოვითხოვთ საქმის მასალებს და იქ ალბათ ძალიან ბევრი სიურპრიზი დაგვხვდება, ვინაიდან ასეთი "რადიკალური" ცვლილებებია გამოძიების. თავდამსხმელიდან დაზარალებულად ვიქეცი. ეს რა თქმა უნდა მიღწევა არის, მაგრამ ესეც სასაცილოა - ამის შესახებ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლაშა თორდიამ ტვ. პირველის ეთერში ისაუბრა. 

თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკავებას დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. 

"გუშინ ვიხილეთ თუ როგორ გამოვიდა მარტო შს სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფიდან, როგორ ჩაჯდა ის ჩვეულებრივ მანქანაში. ამ კადრების მერე მივხვდი, რომ დაიდგმებოდა სპექტაკლი და ამ სპექტაკლის დასასრული დღეს უკვე გავიგეთ ფარცხალაძის ადვოკატისგან, რომ ერთ დღეში ბრალი წაუყენეს, სასამართლოც გაიმართა, გირაოც შეუფარდეს. ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია ჩემთვის",- ამბობს თორდია.

მისი თქმით, ფარცხალაძე დაცვით გადაადგილდება და ის ფიზიკურად ვერ მიუახლოვდებოდა. მისი თქმით, პროკურატურის აპელირება ყოფით ნიადაგზე არასწორია. 

"ამდენი ადამიანით გარშემორტყმული, როგორ უნდა მივსულიყავი და როგორ წარმოუდგენიათ, რომ მივედი და ამ 10 კაცს დავუწყე ლანძღვა მარტო. იმ კადრებში, რაც მათ გაავრცელეს, ერთი კამერა არის ამოღებული და დანარჩენი ყველა კამერა წაშლილია და იმ ღამესვე წაშალეს. გვერდითა კამერა ამოიღეს სადაც კარგად არ ჩანს დეტალები, თუმცა იქაც ჩანს, როგორ მირტყამს პირველი, ჩემი აზრით, ჩოხელი და შემდეგ პროცესში ყველა ერთვება. შესაბამისად, პროკურატურა ცდილობს გამოყოს ის საქმე, რომელიც უკავშირდება აუდიტის დასკვნას და იმის თქმა მინდა, რომ მე არანაირი ყოფითი პრობლემები ოთარ ფარცხალაძესთან არა მაქვს. ღმერთმა დამიფაროს. პრობლემა არის იმ აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, რომელსაც აწარმოებდა აუდიტის სამსახური მერიასთან მიმართებაში და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით თვითონ მოვიდა ოთარ ფარცხალაძე, თვითონ მომკიდა ხელი, გამიყვანა და ძალიან უხეში ფორმებით, მკითხა როგორ ვაპირებდი ცხოვრების გაგრძელებას როცა ვადა გამივიდოდა და რა კომპრებს, ვციტირებ, რა კომპრებს ვაგროვებდი მასზე"- ამბობს ლაშა თორდია. 

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, აუდიტის სახლმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემისთვის ბრალი გუშინ წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყების რეალური მიზეზი ყოფითი ინციდენტია.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. 23 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა მისი პიროვნების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

კომენტარები