რუსეთი-დიდი ბრიტანეთი

Henry Jackson Society-ს ანგარიში: ლონდონში მცხოვრები 75,000-მდე რუსი რუსული დაზვერვის ინფორმატორია

ვლადიმირ პუტინი ლონდონში, 2003
Reuters

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების (Henry Jackson Society) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში რუსეთის ჯაშუშების რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

ანგარიში დისიდენტების, პოლიტიკური მიზნით საზღვარგარეთ გაქცეული პირების და სადაზვერვო სამსახურებდან წყაროების კონფიდენციალურ ინტერვიუებზეა დაფუძნებული.

ანგარიშის მიხედვით დიდ ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებისათვის მომუშავე პერსონალი რუსეთში ამავე სამსახურების ბრიტანელ პერსონალს 52-ჯერ აღემატება.

2010 წელთან შედარებით ბრიტანეთში რუსული დაზვერვის ოფიცრების, რომელთა დაქვემდებარებაშიც 500-მდე აგენტია, რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი და 200-ს მიაღწია.

საბოლოო ჯამში, ლონდონში მცხოვრები სამშობლოდან იძულებით გადასახლებული 150,000-მდე რუსიდან დაახლოებით 75,000 რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB), მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) ან საგარეო დაზვერვის სამართველოს (SVR) ინფორმატორები არიან.

ამასთანავე, რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატების ნახევარი ჩართულია სადაზვერვო საქმიანობაში.

ანგარიშის ავტორი, დოქტორი ენდრიუ ფოქსელი დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს გააძლიეროს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

"ეს რუსული სააგენტოები, რომლებიც სკრიპალის მოწამვლის შემდეგ ყურადღების ცენტრში არიან, მხოლოდ მკვლელობებში არ არიან ჩართული. ისინი ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენ საზოგადოებას. დიდი ხანია ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ იმ გულუბრყვილო წარმოდგენით, რომ რუსეთმა უარი თქვა ცივი ომის დროინდელ აზროვნებაზე. ეს ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ჯაშუშური საქმიანობა ისეთივე თავხედურია, როგორიც იყო." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ნერვული აგენტით მოწამვლაში ბრალდებული ორივე პირი GRU-ს აგენტი აღმოჩნდა.

კომენტარები