ოთარ ფარცხალაძე

პროკურორი ფარცხალაძეზე: რაც მან ჩაიდინა, ნაკლებად მძიმე დანაშაულია

მთავარი პროკურატურაში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძის მიერ ლაშა თორდიას მიმართ ჩადენილი დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება და მას გირაო ამის გამო შეეფარდა. 

რაც შეეხება გამოძიების გაჭიანურებას და ფარცხალაძისთვის ბრალის ახლა წარდგენას, პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, უწყებას ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა ჰქონდა და ისინი ამ ვადაში მოთავსდნენ.

"პროკურატურის მიერ ლაშა თორდია ცნობილ იქნა დაზარალებულად და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვინაიდან ხსენებული ქმედება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრათ 5000-5000 ლარიანი გირაო.

იქიდან გამომდინარე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი და აუდიტის სამსახურის უფროსი და ამ საქმეზე არსებობდა საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი, პროკურატურამ ექსპერტებად მოიწვია საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შეესწავლათ საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნა. 

ასევე, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, ლაშა თორდიას ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ტარდებოდა ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭირო იყო ბრალის წარდგენისთვის და ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ხანდაზმულობის ვადა, ამ შემთხვევაში არსებობდა ხანდაზმულობის 2-წლიანი ვადა. ფაქტიდან წელიწად-ნახევარიც არ არის გასული, 2017 წლის 13 მაისს მოხდა აღნიშნული ინციდენტი, გამოძიება ჩატარდა დადგენილ საგამოძიებო ვადაში და ყველა მტკიცებულების მოგროვების შემდეგ მივმართეთ სასამართლოს ბრალის წარდგენის მოთხოვნით.

სასამართლოს ჩვენ მივმართეთ იმ დროს, როცა გვქონდა საფუძველი, რომ მიგვემართა", - თქვა ემზარ გაგნიძემ.

მისივე თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს ჩაინიშნა.  

ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინეს, გუშინ,5 ნოემბერს, საღამოს მედიით გავრცელდა, თუმცა, პროკურატურის პრესსამსახური ინფორმაციას არ ფლობდა. ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალდება 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე წარედგინა. 

გუშინ საღამოსვე ცნობილი გახდა, რომ ფარცხალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. 

'ეს შეეხება ოთარ ფარცხალაძის კომპანიის მიერ 580 ათას ლარად 2 მილიონ 600 ათასი ლარის აქტივის მქონე კომპანიის შესყიდვაზე, რომელიც რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავდა. შემდგომში ქალაქ თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩანაცვლების შემდგომ ასევე, კიდევ ჩატარდა აუქციონი, რომელიც ასევე, 40 პროცენტით ნაკლებ ფასში პირდაპირ მიყიდეს ფარცხალაძის კომპანიას,“ – თქვა მაშინ ლაშა თორდიამ.

კომენტარები