ოთარ ფარცხალაძე

"ფარცხალაძე დაკავებული არ ყოფილა" - სასამართლომ ყოფილ პროკურორს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

ოთარ ფარცხალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

გაგი მოსიაშვილის თქმით, პროკურატურა ფარცხალაძეს ლაშა თორდიას ცემას ედავება და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას გულისხმობს.​ ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ბრალს არ ეთანხმება.

"გამოძიების ბრალის ფორმულირებით მას ედავებიან ცემას, თუმცა ბატონი ოთარი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ პროვოცირების მსხვერპლია ბატონი ოთარი. შესაბამისად, ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ", - ამბობს ადვოკატი რუსთავი 2-თან.

მისივე ინფორმაციით, ფარცხალაძე გუშინ, დილის საათებში დაკითხეს, დღის მეორე ნახევარში ბრალი წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების საკითხიც სასამართლოში გუშინვე განიხილეს. ადვოკატი ამბობს, რომ პროცესს თავად ყოფილი გენპროკურორიც ესწრებოდა და 5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, სასამართლომ კი ის დააკმაყოფილა.

გაგი მოსიაშვილის ცნობითვე, ბრალის წარდგენის საფუძველი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა გახდა.

ადვოკატი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე "დაუსაბუთებელ, აბსურდულ ბრალთან" დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში დღეს, 13:00 საათზე გაკეთდება.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. 23 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა მისი პიროვნების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.

კომენტარები