არჩევნები 2018

გახარია: დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, ბრალს დღეს წარუდგენენ

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის დარბევასთან დაკავშირებით დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ და ბრალის წარდგენის პროცესი ამიტომ გაიწელა, თუმცა, "დღეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი ორივე მხარეს წარედგინება". 

„ამ საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიება მიმდინარეობს. იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო - დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს, თუ არ ვცდები", - თქვა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადგილი ჰქონდა თუ არა პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

"ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბრალი სტანდარტით, როგორც ვიცი დღეს დღის განმავლობაში იქნება წარდგენილი", - თქვა გახარიამ.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს 30 ოქტომბერს დაესხნენ და შტაბის სამი წევრს ხელკეტებით სცემეს

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია.

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის, ბუბა შალამბერიძის თქმით, დაშავებულები სტაციონარულ მომსახურებას აღარ საჭიროებენ და მკურნალობის გაგრძელება ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, ამბულატორიულადაა შესაძლებელი. შალამბერიძემ თქვა, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევებითა და ნევროლოგიური გასინჯვით კი, რაიმე ტიპის გართულება არ აღინიშნება.

კომენტარები