აშშ-საქართველო

ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისკენ მოუწოდებს

ტედ პო
MFA.gov.ge

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ტეხასის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისაკენ მოუწოდებს.

"გწერთ, როგორც საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ძლიერი მხარდამჭერი, რათა განიხილოთ ჩვენს მოკავშირე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი" - აღნიშნულია წერილში.
 
პოს თქმით საქართველო აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძირითად როლს ასრულებს.

"ჩვენს ერებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას." - აღნიშნავს კონგრესმენი.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე თბილისში ვიზიტისას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმაც ისაუბრა:

"ეკონომიკის მხრივ არსებობს შესაძლებლობები საქართველოში აშშ-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების გასაზრდელად. თითქმის ყველა, ვისაც ვესაუბრე ლაპარაკობდა საქართველოს სურვილზე ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-სთან და ვფიქრობ ეს განხილვის ღირსია." თქვა მან.

მიმდინარე წლის ივნისში, რობერტ ლაიტჰაიზერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციით 28 კონგრესმენმა მიმართა.

კომენტარები