არჩევნები 2018

ქანთარია: არ დავუშვებთ "მარტიოშკას" გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი

მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 2012 წლის გამარჯვებაში, იმ თანამებრძოლებს, რომლებიც 2012 წლამდე იდგნენ სიცივეში, ყინვაში, ხვდებოდათ რეზინის ტყვიები და ხელკეტები და 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მოვიდნენ და განზე გადგნენ. მე მესმის მათი მიზეზები, რომლებიც, ალბათ, სხვადასხვა იყო. მათ ეგონათ, რომ პირველ ტურში სრულად გავიმარჯვებდით, მაგრამ უმთავრესი მიზეზი იყო უსამართლობის განცდა, გულის გატეხა და წყენის დაგროვება და მე ამაში ჩემს თანამებრძოლებთან აბსოლუტურად თანაზიარი ვარ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, როდესაც მეორე ტურზე ჩვენს ქვეყანას ხიფათი უახლოვდება, როდესაც სააკაშვილის ნაცვალი, რომელსაც გულში აქვს დამარხული რუსული პასპორტი, შესაძლებელია, ფეხდაფეხ მიყვება ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს, დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა გადაიდება და ყველანი ერთად არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, მატრიოშკას გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით ზის მერაბიშვილი და სხვა მატრიოშკებში სხედან სხვადასხვა კალიბრის დამნაშავეები, ზოგი გაქცეული, ზოგი პატიმარი. არ მგონია, რომ ჩვენ მათ პარპაშს შევეგუებით, არა იმიტომ, რომ ვინმეს ეშინია ვინმეს ჩამოსვლის ან ვინმეს გამოსვლის, არამედ იმიტომ, რომ ის წარმატებები, რაც იყო, ერთი ხელის მოსმით წაიშლება და ის პრობლემები, რაც არის, გაათმაგდება. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩევნების შედეგების და მეორე ტურის შესახებ საუბრისას.

კომენტარები