სპილო გრანდის ოპერაცია

სპილო გრანდის ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია უტარდება

თბილისის ზოოპარკი

ზოოპარკში სპილო გრანდის ურთულესი ოპერაცია უტარდება - მას მოტეხილი ეშვი უნდა ამოუღონ.

თბილისის ზოოპარკის ცნობით, "აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს, უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია გრანდს 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა".

"გრანდის გადასარჩენად ურთულესი ოპერაციის ჩატარება უკვე მეორედ გვიწევს. საფრთხეები კვლავაც არსებობს. ასეთი მძიმეწონიანი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზედ სარისკოა. ხშირად ისეც ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ ვერ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. ოპერაციისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ – მოწვეული გვყავს მსოფლიოში ცნობილი, გამოცდილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი. საოპერაციო ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ თემით მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების ავტორი, BBC დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. იმედია, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და გრანდი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება“, – ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ოპერაციას BBC იღებს.

დამთვალიერებლები ოპერაციას ზოოპარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით მიადევნებენ თვალყურს.

კომენტარები