არჩევნები 2018

TI: ვფიქრობთ, "ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლი და "ოცნების" კოორდინატორები უკანონო შემოწირულებებია

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, "ფსიქოპროექტის" ჩატარებული ეგზიტპოლი უკანონო შემოწირულებაა. TI აღნიშნავს, რომ ვინაიდან მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, "ჩვენი აზრით, მსგავსი კვლევების დაკვეთა, რითაც იზომება დამოუკიდებელი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი, წარმოადგენს მის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღება და ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით.

"აღსანიშნავია, რომ „ფსიქოპროექტს“ კვლევა უშუალოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, განსხვავებით ადრე არსებული პრაქტიკისა, როდესაც კვლევას ტელევიზია ან არჩევნებში მონაწილე სუბიექტი უკვეთავდა, რომელთა ლეგიტიმური ინტერესიც ეგზიტპოლის შედეგების მიმართ ნათლად გამოკვეთილია და კითხვებს არ აჩენს.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს გამოიკვეთა საარჩევნო უბნების გარეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კოორდინატორების მაღალი კონცენტრაცია. მათთან კომუნიკაციის დროს იკვეთებოდა, რომ ისინი „ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ. ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დღემდე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში არც შრომის ანაზღაურების და არც შესაბამისი მომსახურების გრაფებში დიდი ხარჯები არ არის დაფიქსირებული, ჩნდება ეჭვი, რომ კოორდინატორები "ქართული ოცნებისგან” იყვნენ დაფინანსებული, რაც, ასევე, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს" - აცხადებს TI.

ორგანიზაცია მიმართავს:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ეს შემთხვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
  • „ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს, თავი შეიკავონ ისეთი თანამშრომლობისგან, რომელიც შესაძლო კანონდარღვევას წარმოადგენს, ასევე, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთაღნიშნული ხარჯების შესახებ.

28 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო კომპანია "ფსიქოპროექტის” ეგზიტპოლების შედეგები, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. რამდენიმე მსგავსი საზოგადოებრივი აზრის კვლევა "ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდშიც გამოაქვეყნა.  

მას შემდეგ, რაც ცესკოს შედეგებით დადასტურდა, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "მხოლოდ შიდაპარტიულ კვლევებს" არ უნდა დაყრდნობოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია "ფსიქო პროექტის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი და მისი ყოფილი მრჩეველი ზურაბ ბიგვავაა.

კომენტარები