ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ქართული ოცნების ცრუ პროპაგანდა ევროპული სტილის კამპანიაზე" დასრულდა ხელკეტებით. ბოკერია საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა ახალქალაქში ენმ-ის აქტივისტების ცემის ფაქტს და ქართული ოცნების დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებას. ცნობისთვის, ფოფხაძემ თქვა, რომ თუ მეორე ტურში ოპოზიცია გაიმარჯვებს, "ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ".
გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციაზე თავდამსხმელები უსწრაფესად უნდა დაისაჯონ, ხოლო ხელისუფლებამ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოს და სამოქალაქო ომზე საუბარი დაგმოს.
"მთელი ამ კამპანიის განმავლობაში გვესმოდა ცინიკური განცხადებები, რომ ქართულმა ოცნებამ და სალომე ზურაბიშვილმა ევროპული სტილის კამპანია შესთავაზა თურმე საზოგადოებას და მეორე მხრიდან იღებდა აგრესიას.
მაშინ, როცა გაირკვა, რომ ქართველი ხალხის ნება არის ივანიშვილის წინააღმდეგ, მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატის წინააღმდეგ, როცა გაირკვა, რომ მოდი, მათი სიტყვებით ვიტყვი, "კონკურენტუნარიანია არჩევნები", ამ ვითარებაში მთელი ეს ცრუ პროპაგანდა ევროპული სტილის კამპანიაზე დასრულდა ხელკეტებით, ოპოზიციურ პარტიაში შევარდნით და ძალადობით ასლან აბაშიძის სტილში.
ჩვენი და საქართველოს მოქალაქეების მთავარი გზავნილი იყო, რომ ეს მეთოდები უქმნის სერიოზულ ხიფათს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ვერ გადაარჩენს ვერც ივანიშვილს, ვერც მის გუნდს, ვერც სალომე ზურაბიშვილს. მხოლოდ საბედისწერო იქნება მათთვის პერსონალურად და სახიფათო - მთელი ქვეყნისთვის" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ყველას ამოცანაა ამ სცენარის თავიდან აცილება.
"ამის დრო დრო ჯერ კიდევ არსებობს. უსწრაფესად დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ახალქალაქში ძალადობა ჩაიდინა. ასევე, უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, საკუთარ თავს გადააბიჯოს და დაგმოს სამოქალაქო ომზე საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გამოდის? რომ ეს ხალხი გვთავაზობს შემდეგი თამაშის წესს - თუ მათთვის სასურველი კანდიდატი არ იმარჯვებს, ე.ი სამოქალაქო ომია? არჩევნების გაუქმებას გვთავაზობს ივანიშვილის გუნდი?
და ბოლოს, თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა, არის მარტივი გამოსავალი, ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა. მარტივია, გასაგებია, რომ ბიულეტენში ისევ ეწერება, მაგრამ მოხსნას კანდიდატურა და ეს დაძაბულობა მოიხსნება, რახან არ აქვთ უნარი, ძალადობის გარეშე, ასეთ პირობებში კონკურენციის" - თქვა ბოკერიამ.