არჩევნები 2018

უგულავა: როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, II ტური ძალადობის ფონზე ჩაატაროს

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას შეფასებით, როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, არჩევნების მეორე ტური ძალადობის და დაშინების ფონზე ჩაატაროს. უგულავა საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა ახალქალაქში ენმ-ის აქტივისტების ცემის ფაქტს და ქართული ოცნების დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებას. ცნობისთვის, ფოფხაძემ თქვა, რომ თუ მეორე ტურში ოპოზიცია გაიმარჯვებს, "ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ".

ევროპული საქართველო ახალქალაქის ინციდენტზე უსწრაფეს რეაგირებას ითხოვს. გიგი უგულავას განცხადებით, ქართულმა ოცნებამ უნდა გასცეს მკაფიო პასუხი - იზიარებს თუ არა გედევან ფოფხაძის განცხადებას და ემიჯნება თუ არა იმ ქმედებებს, რაც მოხდა ახალქალაქში. სხვა შემთხვევაში, გიგი უგულავას შეფასებით, ყველანაირ გართულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს.

"გედევან ფოფხაძის პერსონიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვექნებოდა რეაქცია ამ ძალიან სახიფათო განცხადებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლების ნაწილის რეაქცია. ვინაიდან დღეს მოხდა უკვე კატასტროფული ფაქტი - ახალქალაქში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი მანქანიდან ხელმძღვანელობდა თავის ძმას, მარტიროს მკოიანს და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის ოფისი.

ეს განცხადება და რეაქცია ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, როგორც ჩანს აპირებს, არჩევნების მეორე ტური ჩაატაროს ძალადობის და დაშინების ფონზე. ეს გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს. თუ ხელისუფლებას არ სჯერა საკუთარი კანდიდატის გამარჯვების და სამოქალაქო ომით იმუქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ინსპირატორია ხელისუფლება.

ერთადერთი სწორი გამოსავალია, სალომე ზურაბიშვილი დანებდეს და არა ის მუქარანარევი განცხადებები და ქმედებები, რომლებიც კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას, განსაკუთრებით, ეს ეხება ეთნიკური უმცირესობების რაოონებს, სადაც ეს ქმედება დამატებით სახიფათოა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ზურაბიშვილის დაუბალანსებელ და ცეცხლზე ნავთის დამსხმელ განცხადებას, რომელმაც შეიძლება გრძელვადიანად კიდევ დამატებითი პრობლემა მოგვიტანოს" - განაცხადა უგულავამ.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს თავს დაესხნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. თვითმხილველები "რუსთავი2"-თან საუბრისას ჰყვებიან, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. გრიგოლ ვაშაძის თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის თქმით, ნაცემია კიდევ 3 ადამიანი. 

კომენტარები