არჩევნები 2018

უდუმაშვილი: ხელისუფლება ეცდება, მანიპულაციებით კორექტირება შეიტანოს არჩვენების შედეგებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა და არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. 

"აგონიაში მყოფი ხელისუფლება შეეცდება, რომ მანიპულაციებით კორექტირება შეიტანოს არჩვენების შედეგებზე, თუმცა არ მივცეთ არავის საშუალებას, რომ თქვენი ხმები მოიპაროს ან გააყალბოს",- ამბობს უდუმაშვილი. 

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე მასობრივად მიმდინარეობს ხალხის შეშვება მარკირების გარეშე.

მან ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთში გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ. ასევე რეგიონებში დაფიქსირდა ფულის დარიგების რამდენიმე ფაქტი. 

"თბილისის 133-ე საშუალო სკოლაში 47-ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წევრები საუბრობენ ამომრჩევლისთვის გადასაცემი ფულის დათვლაზე, ამის ვიდეომასალა არსებობს. ბოლნისში სოფელ დარბაზში 27-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაციებს აწყობენ, უნდათ უბნის ჩაშლა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უბნიდან გამოაგდეს. ყვარლის მე-19 უბანი, სოფელი გავაზი - იყო მისული ქალაქის მერი, ის ეწეოდა აგიტაციას და ახდენდა ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. საბერძნეთში, ათენის 36-ე საარჩევნო უბანზე, რომელშიც საკონსულოა განლაგებული, ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებისთვის, ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლა. ასევე სენაკის მე-8 უბანზე, დაფიქსირდა ფულის დარიგების ფაქტი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სიის შესაბამისად ანაწილებდა თანხას“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

კომენტარები