ლარის გაუფასურება

ივანიშვილი ლარის კურსზე: ხელისუფლებას და სებ-ს ნუ ადანაშაულებთ, რა ეკონომიკაც გვაქვს, ესაა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ლარის კურსის გაუფასურებაში ხელისუფლების და ეროვნული ბანკის დადანაშაულება არასწორია. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად ყველაფერს [აკეთებს მთავრობა, რომ დაიცვას მოსახლეობა ლარის გაუფასურების რისკებისგან]". ქართული ოცნების თავმჯდომარის მტკიცებით, ლარი "ცხრა ძირითადი სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან" გამყარდა და "დევალვაციას ნუ თვლიან მხოლოდ დოლართან". აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ვალუტა უფასურდება როგორც დოლართან და ევროსთან, ისე ბრიტანულ ფუნტთან და ხშირად - თურქულ ლირასთან.

"სწორი კურსია, რომ იცოდეთ ეს მაინც, მთავრობის არ არის ეს, მთავრობაც ერევა, რა თქმა უნდა და ფინანსთა სამინისტროც, მაგრამ ძირითადად, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მათ ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები აქვთ. ლარის კურსს, ძირითადად, კოორდინაციას მაკროეკონომიკურ ნაწილს უკეთებს ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ სწორად უკეთებს და სწორია, მცურავი კურსი გვაქვს ჩვენი და სხვა შეუძლებელია, რომ იყოს.

დევალვაციას ნუ თვლიან მხოლოდ დოლართან, ცხრა სავაჭრო პარტნიორი, ძირითადი ვინც არის, ეროვნულმა ბანკმა ამ გამოაქვეყნა სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ, რომ 9%-ით გამყარდა და არა დევალვირდა. მარტო დოლარი არ არის ჩვენი სავაჭრო ვალუტა, ამას განმარტებები სჭირდება, მეც კი არ ვარ საკმარისად პროფესიონალი, რომ კარგი განმარტებები გავაკეთო, მაგრამ ხელისუფლებას ნუ ადანაშაულებთ და ეროვნულ ბანკსაც, ეს ეკონომიკა რაც გვაქვს, ესაა. ის, რაც ხდება გარეთ, ესეთი მცირე ეკონომიკა კი არა, დიდი ეკონომიკებიც კი ვერ უმკლავდებიან მას, მასზე უნდა გავაკეთოთ შესატყვისი და ჯანსაღი, სწორი რეაქცია, ეს უნდა მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებასაც და ეროვნულ ბანკსაც, მე ვფიქრობ, რომ პროფესიონულად ახერხებენ ამას" - ამბობს ივანიშვილი.

კომენტარები