ქართული ოცნება და მედია

ივანიშვილი შეხვედრაზე მაუწყებლებს, მათ შორის იბერიას ეპატიჟება, ასევე R2-ს - მეორედ

Reuters

ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა სატელევიზიო მედიასთან 26 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება. რიგით მეორე შეხვედრაზე მაუწყებლებთან, ივანიშვილი მაესტროს, ობიექტივს, პალიტრას, კავკასიას, იბერიას ეპატიჟება, ასევე R2-ს - ხელმეორედ  

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.

სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე რუსთავი2-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას  მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე  მიტანის ვალდებულება, " - ვკითხულობთ განცხადებაში.

მიწვევა მიუვიდა ტელეკომპანია იბერიასაც, რომლის საინფორმაციო სამსახური აღარ ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელის, ვახო ხუზმიაშვილის თქმით, გადაწყვეტილება არ მიუღია, დაესწრება თუ არა პრესკონფერენციას.

კომენტარები