თავდაცვის სამინისტრო

იზორია: საბანკო კრედიტს გაქირავებული სახლის ფულით ვიხდი

ტაბულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მტკიცებით, "ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია ცდილობს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში დემორალიზება გამოიწვიოს". ლევან იზორიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "სიცრუის ტელევიზიას" საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმატებები აღიზიანებს. მისი ბრიფინგის პრესრელიზს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში მათი თავდასხმები იძენს ამორალურ ხასიათს. გუშინ ინტერვიუს დროს სიცრუის ტელევიზიის ერთ-ერთმა მატყუარა ჟურნალისტმა [ეკა კვესიტაძემ] ბრძანა, თითქოს აღებული მაქვს კრედიტი 700 000 დოლარის ოდენობით, სინამდვილეში კი ჩემი საკრედიტო ვალდებულება შეადგენს 140 000 დოლარს. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რო  მიწის ნაკვეთი შევიძინე, სახლის მშენებლობა კი, ჩემმა ოჯახმა დაიწყო საჯარო სამსახურში ჩემი საქმიანობის დაწყებამდე, იმ დანაზოგებით, რომელიც დამიგროვდა აკადემიური საქმიანობის შედეგად 2007-2012 წლებში, როგორც საქართველოში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოღვაწეობით.

სახლის მშენებლობას 4 წელი დასჭირდა და ის წლებია, გაქირავებულია. ამან მომცა კრედიტის აღების საფუძველი და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. ამით კი ავაშენე სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. ეს ყველაფერი არის დეტალურად გაწერილი დეკლარაციაში, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა დღევანდელი ბრიფინგის მთავარი მიზანია, მივაწოდო ინფორმაცია საზოგადოებას და განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების თითოეულ წარმომადგენელს, რომლის მიმართ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს განსაკუთრებული მოკრძალება და პატივისცემა გააჩნია“ - განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიას თქმით, "თუ დეკლარაციას წაიკითხავთ, იქ ნათლად წერია, რომ 2015 წელს გაქირავდა სახლი, რამაც საფუძველი მომცა სოლიდური კრედიტის აღების. დამატებით მეც ავიღე კრედიტი, ანუ ოჯახის წევრებმა ავიღეთ კრედიტი და, შესაბამისად, ეს კრედიტი იძლევა შესაძლებლობას, დამატებით იმ ქირიდან შემოსული შემოსავლით, რომელიც 2015 წლიდან 2016 წლამდე არის და ეს პერიოდი შეგიძლიათ დაიანგარიშოთ და გადათვალოთ, აბსოლუტურად საკმარისია სახლის აშენებისთვის იმ თანხის მოცულობით, რა თანხასაც ბრძანებთ. დღეს კი, კრედიტს ვიხდით, სწორედ, ქირიდან შემოსული შემოსავლით და, მათ შორის, სახელფასო უზრუნველყოფით და მეტიც, ოჯახს რჩება დაახლოებით 4000 ლარზე მეტი იმისთვის, რომ ნორმალურად იარსებოს".

კომენტარები