პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა

"შვილებს ვიფიცებ თუ ვკეკლუცობდე" - ივანიშვილს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება არ ახსოვს

"შვილებს ვიფიცებ თუ ვკეკლუცობდე" - ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება არ ახსოვს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ყოფილ პრემიერს კითხვა რუსთავი 2-ის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ დაუსვა. ჟურნალისტმა ივანიშვილს კონკრეტიკის გარეშე განუმარტა, რომ ჩანაწერებში მისი ყოფილი მინისტრიც ფიგურირებდა, თუმცა ივანიშვილმა მაინც ვერ გაიხსენა, რაზე საუბრობდა ეკა კვესიტაძე

- რა გაქვთ მხედველობაში, აბა, შემახსენეთ, კი არ მახსოვს;

- ფარული ვიდეოჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი, აღარ გახსოვთ ბატონო ბიძინა?

- 2016 წელს?

- დიახ, 2016 წელს, ინგა გრიგოლიას რომ ემუქრებოდნენ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით და მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო, ვერ იხსენებთ?

- ვერ ვიხსენებ გეფიცებით, ვერ ვიხსენებ;

- მართლა ვერ იხსენებთ? ეტყობა, პროკურატურასაც ძალიან დაავიწყდა, ბატონო ბიძინა, ყველაზე გახმაურებული საქმე იყო იმ დროს;

- რაზე იყო, რაზე იყო, შემახსენეთ;

- პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

- ვისზე გავრცელდა?

- არ დავაკონკრეტებ, რადგან ეთიკურობას მოვუხმობ, მათ შორის თქვენს ყოფილ მინისტრზე;

- მაგალითად?

- მაგალითად არ დავასახელებ;

- აბა, არ ვიცი, რაზეა საუბარი;

- როგორ შეიძლება, არ იცოდეთ, ყველაზე სკანდალურ თემაზე, რომელმაც მოიცვა მთელი საზოგადოება;

- შვილებს ვიფიცებ, თუ ვკეკლუცობდე და რამეს ვმალავდე, ვერ ვიხსენებ... მე არც ვიცი ამის შესახებ;

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 11 მარტს გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. მასში მოქმედი პირები იდენტიფიცირებული არ იყო, თუმცა, კადრების ამტვირთავი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. ვიდეოს ავტორი მოუწოდებდა "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.

"ამ კადრების ხელშეუხებლობის გამო, თქვენ უარი თქვით სამართლიანობის აღდგენაზე და ხელი დააფარეთ ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს. 31 მარტამდე თუ არ წახვალთ პოლიტიკიდან, დაიდება ახალი კადრები, რათა პოლიტიკური ასპარეზი გასუფთავდეს", - წერდა ვიდეოს გამავრცელებელი. 

კადრების გავრცელებისა და გამოძიების დაწყებიდან ორ წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

კომენტარები