გირჩი

შსს: გირჩის ორ მხარდამჭერს მცირე ოდენობით სავარაუდოდ მარიხუანა ჰქონდა, ტარდება ექსპერტიზა

OC Media

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, "გირჩის" მიერ ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამო პოლიციაში გადაყვანილ 8 ადამიანს ჩხრეკა "გადაუდებელი აუცილებლობის გამო" ჩაუტარდა.

"ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციული მუხლებით დედაენის ბაღში 6 ადამიანი დააკავეს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს, უწყებაში ამბობენ, რომ ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

"კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურას ეცნობა.

შსს ხაზს უსვამს, რომ ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანას პოპულარიზაციის, მოხმარების წახალისების და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში უწყება ამბობს იმასაც, რომ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის ორგანიზატორებს მოუწოდეს თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციისა და სამართალდარღვევის წახალისებისკენ, თუმცა "გირჩის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დედაენის ბაღში მაინც შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში გუშინ, 20 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ ხელი შეუშალა და არ შედგა. ადგილზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

გამოძიება გირჩის მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 13 ოქტომბერს დაიწყო, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას. 

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში ლეგალური გახდა.

კომენტარები