გირჩი

შსს: ნარკოტიკის მოხმარება-გასაღება-პოპულარიზაციის საჯარო მცდელობებს დაუყოვნებლივ აღვკვეთთ

მარი ნიკურაძე/OC Media

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "გირჩის" მარიხუანას ფესტივალის ორგანიზებაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ფესტივალის დაანონსების შემდეგ არაერთი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც საზოგადოებას "ფესტივალის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი მთელი რიგი ქმედებების შესახებ" მიაწოდეს ინფორმაცია.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ მარიხუანას ფესტივალის ორგანიზატორებს მოუწოდეს თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციისა და სამართალდარღვევის წახალისებისკენ, თუმცა "გირჩის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დედაენის ბაღში მაინც შეიკრიბნენ.

"ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის გირჩის წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის) მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

აღნიშნული გაფრთხილებების მიუხედავად, 2018 წლის 20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დედა ენის ბაღში, (მათ მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად) ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ გირჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედა ენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკის ჩასატარებლად განყოფილებაში ფესტივალის მონაწილე გადაიყვანეს, რომელთაგან ორს სავარაუდოდ, მარიხუანა აღმოჩნდა.

"აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა", - ამბობენ უწყებაში.

შსს-ს ცნობითვე, დედაენის ბაღშივე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ 
წინააღმდეგობისთვის მუხლებით 6 პირი დააკავეს.

რაც შეეხება ზურა ჯაფარიძეს, უწყებაში ამბობენ, რომ ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

"კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურას ეცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მარიხუანას პოპულარიზაციის, მოხმარების წახალისების და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა უწყების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

"საჯარო სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, პოპულარიზაციის და გასაღების ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მიერ. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება და რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დედა ენის ბაღში გუშინ, 20 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ ხელი შეუშალა და არ შედგა. ადგილზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

გამოძიება გირჩის მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 13 ოქტომბერს დაიწყო, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას. 

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში ლეგალური გახდა.

კომენტარები