კრიმინალი

შსს: დავაკავეთ გამტაცებელთა 10-კაციანი ჯგუფი, ისინი მძევლის ოჯახს 3 მლნ-ს სთხოვდნენ

შსს

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისსა და იმერეთში რამდენიმე სპეცოპერაცია ერთდროულად ჩაატარეს..

შსს-ს ინფორმაციით, ათკაციანმა ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთერთ უბანში, 23 წლის მამაკაცი გაიტაცა და მისი ოჯახის წევრებს გამოსასყიდის სახით დაახლოებით სამი მილიონი ლარი მოსთხოვა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დაზარალებულის ოჯახის წევრებმა სრული ნდობა გამოუიცხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ითანამშრომლეს ჩვენთან, მოგვაწოდეს მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რის შემდეგაც დაიგეგმა შესაბამისი მოქმედებები. საგამოძიებო უწყებამ დაადგინა გატაცებულის ადგილსამყოფელი, რომელიც მდებარეობდა იმერეთის ერთერთ სოფელში. სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებული გათავისუფლდა და უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს" - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა დღევანდელ ბრიფინგზე.

გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლით მიმდიონარეობს, რაც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული 9-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსთავი 2-ის კითხვაზე, არის თუ არა დაკავებულებს შორის ერთერთი ე.წ პოლიტპატიმარი, შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ "პერსონალურ და პირად მონაცემებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზები, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ".

კომენტარები