არჩევნები 2018

"ძალა ერთობაშია": 19, 20 ან 21 ოქტომბერს თბილისში მსვლელობა არ იგეგმება

"ძალა ერთობაშია" თბილისის მერის განცხადებას ეხმაურება, სადაც კახა კალაძემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა აქციის გამართვას გეგმავს, რომელიც პარტიის მხრიდან ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვის მცდელობის გაგრძელებაა.

ოპოზიციის თქმით, 19,20 ან 21 ოქტომბერს დედაქალაქში მსვლელობა ან მანიფესტაცია დაგეგმილი არ აქვთ. "ძალა ერთობაშია" განმარტავს, რომამ პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს გამართავს და გაერთიანების წარმომადგენლებიც მასთან ერთად იქნებიან.

რაც შეეხება აქციასთან დაკავშირებით მერიისთვის მიმართვას, "ძალა ერთობაშია" განმარტავს:

"საარჩევნო კამპანიის დროს, სხვადასხვა ადგილებზე ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მიმართ ტექნიკური მიმართვიანობა წინასწარ ხდება და თბილისის მერიის შემთხვევაშიც ასე მოხდა".

ცნობისთვის, თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, რომ მერიაში შევიდა ენმ-ის წერილი, რომლის მიხედვით 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მანიფესტაცია ენმ-ის მცდელობის გაგრძელებაა, დაიძაბოს ქვეყანაში არსებული სიტუაცია. მისივე თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, "ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს და ვინც რაიმე უკანონო ნაბიჯს გადადგამს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება".

კომენტარები