პრეზიდენტობის კანდიდატი

ბაქრაძე: ვერანაირი მთავრობის სხდომებით და შეხვედრებით, ხალხის ნდობას ვერ აღვადგენთ

ტაბულა

ნდობა ხელისუფლებას და ხალხს შორის დღეს ნამდვილად დაკარგულია. მაგრამ ვერანაირი მთავრობის სხდომებით და შეხვედრებით, ამ ნდობას ვერ აღვადგენთ - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დღეს გამართულ ბრიფინგს, სადაც მან მთავრობასა და პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომის გამართვისკენ მოუწოდა.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა 28 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებია.

"არსებობს ნდობის აღდგენის ერთადერთი გზა, ეს არის თავისუფალი არჩევნები, როდესაც საზოგადოება ირჩევს იმ ხელისუფლებას, იმ ლიდერებს, ვისაც ენდობა. ამიტომ მთავრობის სხდომებით, თათბირებით, შეკრებებით დღეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ნდობა ვეღარ აღდგება. ეს ეტაპი უკვე გავლილია, უკვე ჩავლილია და ჩვენი ამოცანა ამიტომ გახლავთ, მოვიდეს თითოეული ადამიანი არჩევნებზე და ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, სადაც ადამიანები აირჩევენ სწორედ იმ ხელისუფლებას, ვისაც მომავალში ენდობიან"- ამბობს დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრისას, მთავრობასა და პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომის გამართვისკენ მოუწოდა -"ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება სასარგებლო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართულისაზოგადოებისთვის და უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიისათვის".

მარგველაშვილის თქმით, მთავრობის სხდომაზე იგი გეგმავს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხები წარადგინოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ იგი ფარულ აუდიოჩანაწერებზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ სურს "ეთათბიროს მთავრობას", რადგან საზოგადოება შეშფოთებულია.

კომენტარები