ფარული აუდიოჩანაწერები

ადვოკატი: მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა

პირველი არხი

ადვოკატის ინფორმაციით, მირზა სუბელიანს გუშინ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ეკა ხუციშვილის თქმით, ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, დღეს სუბელიანის გამოკითხვა მისი "სტრესული მდგომარეობის" გამო ვერ მოხერხდა.

"მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. ჩანაწერის დეტალებზე მას არც ჩვენთან არ უსაუბრია. ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია და ფიზიკურად შეუძლებელია ]მასთან საუბარი]. მას გუშინ ჰქონდა სიუციდის მცდელობა, მგონი, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, აქედან გამომდინარე, მასთან ფიზიკურად დღეს გამოკითხვაც ვერ ჩატარდებოდა" - ამბობს ადვოკატი.

სასჯელაღსრულების სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

რუსთავი 2-მა ორი დღის წინ გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. მასში მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

ჩანაწერებში მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს.

ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან რამდენჯერმე შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი თქმით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული "მთლად დალაგებული არ საუბრობდა". დეპუტატის განცხადებით, მას მირზა სუბელიანის ბრალდებები სერიოზულად არ მიუღია. 

ამასთან, მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ "გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე".

კომენტარები