ფარული აუდიოჩანაწერები

პროკურატურა: გამოძიება ციხის თანამშრომლის განცხადებით დაიწყო, რომელიც დააშანტაჟეს

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელიც მირზა სუბელიანის და ქართული ოცნების დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის საუბარს ასახავს, გამოძიება ციხის თანამშრომლის საფუძველზე 12 ოქტომბერს დაიწყო. 

უწყების ცნობით, ი.პ დააშანტაჟეს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს პატიმარ სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

"საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის, ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

იმავდროულად, ამოღებული აუდიოჩანაწერების პირველად ანალიზზე დაყრდნობით, გამოძიება ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით. 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა  ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - აცხადებს პროკურატურა. 

გამოძიება  სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, პატიმრობაში მყოფი პირის საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს. 

14 ოქტომბერს გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ასევე, მიუთითებს მეთოდებზე, რომლითაც გახმაურებული საქმეები იხსნებოდა - მისი თქმით, ის მოწმეების გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდა. 

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ "2 ჩანაწერი და ქართული ოცნება აღარ იქნება". 

ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

კომენტარები