ოთარ ფარცხალაძე

ფარცხალაძე დიდ ავიაციაში - ადვოკატი ადასტურებს, რომ ფარცხალაძე Elbit-ისგან ფულს იღებს

airchive.com

დღეს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა ის, რასაც სახელმწიფოს კუთვნილი "საპარტნიორო ფონდი" 2016 წლიდან მოყოლებული კატეგორიულად უარყოფს. ეს კომპანია Elbit-ისა და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ საწარმოსთან ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის შემხებლობაა. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე ამ ქარხანაში კონსულტანტის პოზიციას იკავებს, რითიც მან "თანხა დააგროვა."

"ეს ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ის შემთხვევა, რომლითაც 5 წლის განმავლობაში შეიძლება დააგროვო თანხა. ოთარ ფარცხალაძე არის კონსულტატნტი და შესაბამის თანამდებობას იკავებს. კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობს ამ კომპანიაში, ეს არის მისი ბიზნესი. თანამდებობასთან დაკავშირებით დავაზუსტებ. ფარცხალაძე კიდევ რამდენიმე ბიზნესშია ჩართული"- ამბობს მოსიაშვილი.

მალევე ფარცხალაძის ადვოკატმა საკუთარი განცხადება უარყო და თქვა რომ ფარცხალაძე სხვა სახით იყო აღნიშნულ პროექტში ჩართული. კერძოდ მონაწილეობას იღებდა საინვესტიციო მოლაპარაკებებში. "რაც შეეხება ელბიტს, ეს ფარცხალაძის ერთერთი წარმატებული პროექტი იყო, თუმცა ფარცხალაძე იქ არ მუშაობდა. ფარცხალაძემ მონაწილეობა ელბიტის შემოყვანაში მიიღო, რისთვისაც მან სოლიდური ანაზღაურება მიიღო."

იმის მიუხედავად, რომ ბიზნეს რეესტრში დაცული დოკუმენტები ნათლად წარმოაჩენენ პროექტთან ფარცხალაძის შემხებლობას, საპარტნიორო ფონდი დღემდე უარყოფდა აღნიშნული კავშირის არსებობას. ტაბულამ 2018 წლის 10 მაისს აღნიშნული კითხვით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნათია თურნავას მიმართა, მისგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

"შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ყველაფერი საჯაროა. უშუალოდ კავშირი, გარდა საპარტნიორო ფონდისა და ჩვენი ისრაელელი პარტნიორებისა ამ ქარხანასთან სხვას არავის არ აქვს."

მეტიც, საპარტნიორო ფონდი გაგი მოსიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდგომაც უარყოფდა მათ საწარმოსთან ფარცხალაძის შემხებლობას.

რა სახითაა ჩართული ფარცხალაძე ამ პროექტში

ქარხნის საძირკველის ჩაყრა
ფოტო: საპარტნიორო ფონდი

2015 წლის 25 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომლითაც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას თბილისში, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 200 ათას ლარად გადასცა 62 ათასი კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, ყოფილი ფოლადმშენის ქარხანა. გარიგების მიხედვით, ფარცხალაძის კომპანიამ კვადრატული მეტრი 31 თეთრად შეიძინა, რაც ამ მიწის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით რამდენიმე ათეულჯერ მცირე თანხაა. კომპანია რომელმაც ეს მიწის ნაკვეთი მიიღო 2014 წელის 10 ოქტომბერს დაფუძნებული სამშენებლო კომპანია “როიალ დეველოფმენთი” იყო. ოთარ ფარცხალაძე ამ კომპანიის დირექტორი და 40%-იანი წილის მფლობელი იყო. მთავარი პროკურორის კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აიღო ვალდებულება აღნიშნულ ფართობზე განეხორციელებინა მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტირება.

როიალ დეველოფმენთისთვის მიწის გადაცემიდან რამდენიმე დღეში, 2015 წლის 7 სექტემბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მიწაზე საფუძველი ჩაუყარა თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. პროექტის მიხედვით, ებრაული კომპანია Elbit Cyclone-ის ქარხნის ძირითადი ინვესტორი სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდი საპარტნიორო ფონდი იქნებოდა, ხოლო მისი თანაინვესტორი კი მთავარი პროკურორის კომპანია როიალ დეველოფმენთი. ქარხნის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხნის ოპერატორი ელბიტის და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანია JSC Aerostructure Technologies Cylone-ი გახდა. თუმცა, ქარხნის ინფრასტრუქტურის მფლობელი კვლავ კომპანია როიალ დეველოფმენთია. ელბიტს მასთან გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რისთვისაც მთავარ პროკურორთან დაკავშირებულ კომპანიას სოლიდურ თანხას უხდის.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI საქართველო) ფარცხალაძის კომპანიისა და საპარტნიორო ფონდის კავშირზე 2016 წელს ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, "როიალ დეველოფმენთის" მიერ აშენებული შენობა და ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა Elbit Cyclone-ის და "საპარტნიორო ფონდის" მიერ შექმნილ ერთობლივ კომპანია - JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC)-ს. შესაბამისად, ქარხნის რეალური მესაკუთრე ფარცხალაძის კომპანია იქნება.

TI საქართველო ანგარიშის მომზადებისას ფარცხალაძესთან დაკავშირებით პროექტის ინვესტორს, საპარტნიორო ფონდს დაუკავშირდა. ყოფილი მაღალჩინოსნის პროექტთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვებს საეჭვოდ დაემთხვა როიალ დეველოფმენთის დირექტორის ცვლილება. ბიზნეს რეესტრის მიხედვით, 2016 წლის 29 ივნისს კომპანიის ამონაწერიდან ოთარ ფარცხალაძის სახელი გაქრა.

ქარხანა 2018 წლის 10 მაისს, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ახალი საწარმო პროდუქციის გამოშვების დაწყებას მომდევნო წლიდან გეგმავს. იქამდე კომპანია თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს სატესტო რეჟიმში, შესაბამისი ლიცენზიების მოსაპოვებლად აწარმოებს. 

კომენტარები