პრეზიდენტობის კანდიდატი

ბაქრაძე: წინა ხელისუფლების წევრები შეწყალებულები უნდა იყვნენ, მათ შორის სააკაშვილიც

ტაბულა

აუცილებლად უნდა იყვნენ შეწყალებულები წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილიც - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გადაცემა "პირისპირში" ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სიტუაციას არ ცვლის და მისი ჩამოსვლის შემთხვევაში. მას დიდი ალბათობით ახალ ბრალს წაუყენებენ. 

ბაქრაძე ამბობს, რომ არსებობს დანაშაულის ისეთი კატეგორიები, მაგალითად, მკვლელობა, ადამიანის წამება და ა.შ რომლებიც შეწყალებას არ ექვემდებარება. თუმცა არის ვანო მერაბიშვილის საქმეც, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

"შეწყალება არ შეწყალება სიტუაციას შეცლის მაგალითად, მერაბიშვილთან მიმართებაში, რომელიც პატიმარია და გამოვა. რაც შეეხება სააკაშვილს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ის მზად არის ჩამოვიდეს საქართველოში სადაც შეწყალებული იქნება თუ შეუწყალებელი მას დიდი ალბათობით ახალ ბრალს წაუყენებენ და წინასწარ პატიმრობაში დააპატიმრებენ მაინც. ეს მისი გადასაწყვეტია. თუ ის მზად არის ამისთვის შეუძლია ჩამოვიდეს შეწყალებამდე და შეწყალების შემდეგაც. მის მიმართ სიტუაცია არ შეიცვლება, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია წერტილი დავსვათ წარსულ დანაშაულებზე და წერტილი დავსვათ ნებისმიერ განხილვაზე, რომ მომავალშიც კიდევ ვიღაცას დავიჭერთ",- ამბობს დავით ბაქრაძე. 

მისივე თქმით, ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის საჭიროა დაპირისპირებას წერტილი დაესვას.

"მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს სჭირდება ის რომ დაპირისპირებას დაესვას წერტილი. ამას აქვს ორი კომპონენტი. პირველი, 6 წელია უკვე ქვეყანაში ეს ხელისუფლება არის და ამიტომ უნდა გადაისინჯოს და დასრულდეს ის საქმეები რომლებიც იყო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და ეს არის ერთი ელემენტი, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და მეორე ელემენტი გახლავთ ის, რომ იყოს აბსოლუტური მიუღებლობა ნებისმიერი მუქარის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან",- ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი. 

კომენტარები