პრეზიდენტობის კანდიდატი

ზურაბიშვილი მედიას: თქვენი მოვალეობაა, გააშუქოთ ჩემი მოსაზრებები და არა ვითომ დაძაბულობა

ქართული ოცნების პრესსამსახური

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

ზურაბიშვილი გარდაბნელ ამომრჩეველთან მისი შეხვედრის პარალელურად მიმდინარე აქციით მედიის დაინტერესებამ გააღიზიანა და თქვა, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს მეტად აშუქებენ, ვიდრე მის კამპანიას.

"ტელევიზიები რატომღაც აქცევენ ამას მეტ ყურადღებას, ვიდრე ჩემს გამოსვლებს და ვიდრე იმას, რაც უნდა იყოს გადამწყვეტელი ამომრჩევლისთვის. ანუ გაიგოს, მე რას ვთავაზობ. ის, რომ ორი კაცი ყვირის გარეთ, არ არის გადამწყვეტი არჩევნებისთვის. თქვენი მოვალეობაა ის, რომ გააშუქოთ მაქსიმალურად არა რაღაც ვითომ დაძაბულობა, არამედ ჩემი წინადადებები, ჩემი მოსაზრებები", - ამბობს ზურაბიშვილი.

15 აგვისტოს ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით კითხვა გაუმეორეს, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა ჟურნალისტს "ტვინის განძრევისკენ" მოუწოდა. მოგვიანებით ზურაბიშვილმა თქვა რომ იხუმრა და ბოდიში მოიხადა.   

კომენტარები