არჩევნები 2018

ზურაბიშვილი "ქართუს" მილიონიან სესხზე: არ ვაპირებ პროცენტის გადახდას

ქართული ოცნების პრესსამსახური

ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ბანკიდან" აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდას არ აპირებს.

"არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, იმიტომ, რომ მე უნდა ავიღო 10%. და 10%-ს კი არა 70%-ს ავიღებ. მე დამოუკიდებელი ვარ, დამოუკიდებელია ბანკი და მე ავიღე სესხი ჩემით, რომლის პროცენტებსაც არ გადავიხდი იმიტომ, რომ მივიღებ ბევრად მეტს ვიდრე 10%,"- სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ქართუ ბანკთან გარიგება 1 ოქტომბერს დაიდო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში არაა მითითებული ამ სესხის ხანგრძლივობა და მისი საპროცენტო განაკვეთი.

1,000,000 ლარის სესხების დამადასტურებელი ჩანაწერი


ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თანხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.

"საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად,"- წერია კანონში.

საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვარვს. 

ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხდა. სესხის განაკვეთი 11% იყო.

სალომე ზურაბიშვილის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა 1.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 1.4 მილიონი სარეკლამო ხარჯს წარმოადგენს.

კომენტარები