კრიმინალი

შსს: 24 წლის განმავლობაში ძებნილი პირი ბორჯომში დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში დააკავეს პირი, რომელიც 24 წლის განმავლობაში იძებნებოდა.

უწყებაში ამბობენ, რომ 1970 წელს დაბადებული ვ.კ. ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.

"ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა", -აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, 2008 წელს ახალციხის სასამართლოს განაჩენით მის მიმართ ძარცვის ჩადენისათვის მიმდინარე საქმე შეწყდა, ხოლო საქართველოს დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევის ბრალდებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

შსს-ში ამბობენ, რომ ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

კომენტარები