არჩევნები 2018

ჟორჟოლიანი ზურაბიშვილის განცხადებაზე: არავითარი შუღლის გაღვივება არ არის

გია ჟორჟოლიანი
ტაბულა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება "არავითარი შუღლის გაღვივება არ არის". მისი თქმით, ეს ფაქტის აღნიშვნაა.

საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებაზე, სადაც ის ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ეუბნება, რომ პრეზიდენტმა "თურქებს მისცა მოქალაქეობა" და მათ არა.

"რაც მე ვიცი ამის თაობაზე, ეს არავითარი შუღლის გაღვივება არ არის, ეს არის მითითება იმაზე, რომ უგუნური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგრამ იქ თურქები იყვნენ, ფრანგები თუ გერმანელები, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა რაციონალურ განსჯას და იყო რაღაცის გამო გამოწვეული. პრეზიდენტმა გაუაზრებლად ათასობით ადამიანს, ერთჯერადად, ყველა საკონსულტაციო ორგანოს გვერდის ავლით არ უნდა მიანიჭოს [მოქალაქეობა]. ეს მასიურად რომ მოხდა, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს პრეზიდენტმა, მაგრამ არ უნდა გააკეთოს. ქალბატონ სალომეს ნათქვამი ალბათ ის იყო, რომ უმეტესობა იყვნენ თურქები. მერე რა, ეს ფაქტის აღნიშვნაა და არა ის, რომ თურქებისთვის არ უნდა მიენიჭებინა და ფრანგებისთვის მიენიჭებინა. ეს სიტყვაზე გამოკიდებაა რა", - აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.

ტაბულას კითხვას, ცდილობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობაში ანტითურქული განწყობების გაღვივებასა და გამოყენებას საარჩევნო კამპანიისას, გია ჟორჟოლიანი უარყოფითად პასუხობს.

"როგორ გეკადრებათ. თუ რამე შეიძლება რომ დააბრალო სალომე ზურაბიშვილს, მართლა დაბრალება რომ იყოს, ეს არის შუღლის გაღვივება რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა:

"ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა".

კომენტარები