არჩევნები 2018

რაზე ისაუბრა ივანიშვილმა თანაგუნდელებთან შეხვედრისას - სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი

დღეს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდნენ. მოგვიანებით, პარტიის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანაგუნდელებს სიტყვით მიმართავს. მან გუნდის წევრებთან ყოფილ ხელისუფლებაზე, რუსეთ-საქართველოს ომზე, ომეგა ჯგუფის საქმეზე, ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა.

გთავაზობთ სიტყვით გამოსვლის სრულ ტექსტს:

"დღეს 1 ოქტომბერია, 1 ოქტომბერს, მოგეხსენებათ, ყველაზე რთული გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა გუნდმა, 6 წლის წინ. და შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა კიდევ ერთჯერ შევაფასოთ. სამწუხაროდ, 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა, თქვენ მონაწილეები ხართ, აბსოლუტური უმრავლესობა ხართ და თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წლის შემდეგ როგორ თანმიმდევრულად ვცვლით ჩვენ იმ სიმახინჯეებს და ქვეყანა ვითარდება და მიგვყავს სწორი მიმართულებით, მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას ჩვენდა სასირცხვილოდ, ეს ძალები ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. რაც დააშავეს თვითონ, იმას ცდილობენ დღეს გადააბრალონ ქართულ ოცნებას და ქართული ოცნებისგან მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს.

ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით ალბათ, რაც ენმ-მ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულებები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც, თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, იყო მაინც 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მითუმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი. სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები, მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მაშინ, რომ ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდეგ სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით (მე ჩემს გამონათქვამებში მაქვს, როცა ოპოზიციაში ვიყავი) შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს, ისევ ჩვენ გადმოგვაბრალონ, ეს მოღალატეები პირდაპირი მნიშვნელობით, ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომე.

მედია რა დღეში იყო, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცისგან, დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, ძირითადი პროფესია სააკაშვილის ეს იყო, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა და მთელი თავისი მოღვაწეობის 80%-ს ამას მოახმარდა.

გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, ამასთან უნდათ, იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა. საზოგადოებისთვის ეს იყო დიდი ტრავმა და დიდი სტრესი, და ცდილობენ იმის ჩამდენი ხალხი, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ბავშვების ჩხუბი უნდათ, რომ მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის.

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს საერთოდ ღიმილს იწვევს. ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი... მე მართლაც შევხვდი მას ერთჯერ და მართლაც დავეხმარე, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ.

მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ეს ღიმილისმომგვრელია მხოლოდ, ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან თქვენ და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი, რაც უნდა უპასუხოთ, უპასუხეთ - სადაა ეს ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს, ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ.

მოკლედ, ესეთია დღევანდელი რეალობა. ის 27%, რაც ბოლო წლებში ჩანს, საზოგადოების ნაწილი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არ ასოცირდება, ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მას პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, და ანგარიშს ვუწევთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ესევე ფიქსირდება, რომ დაახლოებით 10% ერთ ნაწილზე ნაციონალური მოძრაობის და 17% მეორე ნაწილზე დაახლოებით, იყოფა. იმის იქეთ მათ დიდი რესუსი არ აქვთ.

არცევნების სწორი მობილიზაციის შემთხვევაში და ჩვენ ამას მოვახერხებთ, ქალბატონი სალომე, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის არის ეს ქალბატონი სიმბოლო ჩვენი უახლესი ისტორიის, პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროს ვიხილავთ.

და ჩვენ ამით ჩვენს ისტორიას შორეულს შევეხმიანებით, უახლოეს ისტორიას, პირველ ემიგრაციას და იმ ისტორიასაც დიდ პატივსაც მივაგებთ და თვითონ ქალბატონი სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში.

მოგიწოდებთ ყველას, კიდევ ერთჯერ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია, თითოეულმა თქვენთაგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ ჩვენს პატივცემულ ქალბატონს სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით და თანადგომითაც, ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება.

აი, დაახლოებით ამისთვის შევიკრიბეთ დღეს" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რასაც თანაგუნდელები ტაშით შეხვდნენ.

კომენტარები