არჩევნები 2018

უსუფაშვილი: ოცნება შესაცვლელია, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობით

პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის თქმით, ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს, თუმცა ხელსუფლებაში ნაციონალური მოძრაობა არ უნდა დაბრუნდეს.

"დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ოცნება დღესაც იმითია დაკავებული, რომ გვიხსნის თუ რატომ იყო შესაცვლელი 2012 წელს 6 წლის წინ ნაციონალური მოძრაობა. ეს გავიგეთ ბატონო თქვენზე ადრე გავიგეთ. ისიც ძალიან კარგად გაიგო ქართველმა ხალხმა და ყველამ გავიგეთ, რომ ნაც. მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელია, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ოცნების არაადეკვატური პოლიტიკის გამო სწორედ აქეთკენ მიაქანებენ ქვეყანას, ვხედავთ იმას, რომ იმას არ გვეუბნებიან ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასაშავებელი, სანამ სააკაშვილთან შეგვადარებთო. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ოცნება შესაცვლელია, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობით. ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ უნდა შევცვალოთ, სანამ მათ საკუთარი თავი ნაციონალებს შეაცვლევინეს და ქვეყანა უფსკურლისკენ წაიყვანეს"- თქვა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, "არ დავიჯეროთ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გვაქვს."

"ყველა თავისუფალი ნების და მოქალაქეობრივი ღირსების მქონე ადამიანს მივმართავ, ვთხოვ, ვევედრები - არ დავიჯეროთ, რომ მეტი აღარ შეგვიძლია! არ დავიჯეროთ, რომ პოლიტიკა ის არის, რასაც დღეს ვხედავთ! არ დავიჯეროთ, რომ ქართველებს საკუთარი სახელმწიფოს გაძღოლა არ შეგვიძლია! არ დავიჯეროთ, რომ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გვაქვს! არ გავხდეთ პროპაგანდისტული მანქანების მსხვერპლი და არ გავხადოთ ქვეყანა მიშა-ბიძინას წესების გარეშე ბრძოლის ასპარეზად! ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევის მსურველები გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე თავად ნაც-ქოცები. მეტი ვართ, მეტი შეგვიძლია! მეტი თანადგომით, აუცილებლად მეტს შევძლებთ"- თქვა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები