მარიხუანა

კანაფის ინსპექტირების სააგენტოს შექმნა ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდება

Reuters

საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მარიხუანას სპეციალიზებული ბაღების ინსპექტირება/ზედამხედველობის სააგენტოს შექმნა დაახლეობით ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდებათ. ამის შესახებ "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია.

ახალი სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება. სწორედ მას შეეძლება კერძო კომპანიებისთვის ლიცენზიების მინიჭება. ლიცენზიების გაცემით მიღებული თანხა უშუალოდ ამ სააგენტოს ბიუჯეტში წავა. 

მთავრობის მტკიცებით, ისინი გასცემენ მინიმუმ 150 ლიცენზიას, რათა კანაფის ბაღების ერთი კომპანიის ქვეშ მონოპოლიზება არ მოხდეს. ამ დროისთვის ლიცენზირების ზუსტი სქემა საჯარო არაა. ამავდროულად, უცნობია მიიღებენ თუ არა ლიცენზიებს ერთმანეთთან დაკავშირებული იურიდიული პირები, რათა ერთი კომპანიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ კანაფის მოყვანის ინდუსტრიის მონოპოლიზება არ მოხდეს. 

კანონპროექტის მიხედვით, კანაფის მწარმოებელი ფერმა დაცვის სტანდარტებით უფრო მეტად ბანკის საცვავს თუ სამთავრობო ობიექტს  უნდა ჰგავდეს. ზოგიერთი ტექნიკური მოთხოვნა ასე გამოიყურება:

  • კანაფის დათესვა-მოყვანა და კულტივირება დასაშვები იქნება მოხლოდ დახურულ შენობებში;
  • მცენარე კანაფის მოყვანისა და გადამუშავების ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს მთავრობის რეგლამენტით გაწერილი უსაფრთხოების სისტემებით, უნდა ჰქონდეს შუქხმოვანი სიგნალიზაცია, სადღეღამისო დაცვა, შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის მართვის პუნქტი;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს შსს-ს მოთხოვნებს, სისტემის შესაბამისობას ამოწმებს შსს და გამოსცემს შესაბამის აქტს სისტემის დამონტაჟების შესახებ;
  • დაწესებულების პერიმეტრზე შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ ავტორიზებულ პირებს. სხვა პირები საგამონაკლისო წესით, მათზე გაცემული ერთჯერადი საშვებით შევლენ ობიექტზე;
  • შენობა-ნაგებობაში შესვლისას ელექტრონული რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველასთვის, რეგისტრაცია წარმოებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერების არქივი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა ინახებოდეს.

კანონპროექტის მიხედვით, ტექნიკური მოთხოვნების დარღვევისთვის ლიცენზიანტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით 50,000-დან 100,000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრებათ. 

შეცვლილი რიტორიკა და კანაფით გამყარებული ლარის დაპირებები

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მარიხუანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მეტამორფოზა განიცადა. ახლა ოცნება ცვლილებების მთავარი ლობისტია. მთავრობის მტკიცებით, ამ კანონპროექტის შემუშავების მთავარი მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება მოხდა. საინტერესოა რომ მთავრობამ სულ რაღაც თვენახევარში კანაფის ინდუსტრიულ დონეზე მოყვანის საერთაშორისო გამოცდილებაც შეისწავლა და 130-გვერდიანი კანონპროექტიც დაწერა და ახლა მას როგორ ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად გვისახავს.

ფინანსთა მინსისტრმა ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ თქვა რომ მარიხუანა მალე საქართველოს ერთერთ წამყვან საექსპორტო პროდუქტად იქცევა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს რომ ის ლარის გამყარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ოცნების სხვა წევრები კი რომლებიც წარსულში ამ მცენარეს გამალებით ებრძოდნენ ახლა მისი მოყვანის ტრადიციებსა და აგრონომიულ მეთოდებზე საუბრობენ.

ვის მოჰყავს ყელაზე მეტი სამედიცინო კანაფი?

გაეროს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ლეგალური მარიხუანას წარმოებით მსოფლიოში მოწინავეა. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთში მარიხუანას მოხმარება არალეგალურია, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ფარმაცევტული და სამეცნიერო მიზნებისთვის მის წარმოებას შესაძლებელს ხდის. 2016 წელის მდგომარეობით, მსოფლიოში ამ მიზნისთვის განკუთვნილი სულ 211 ტონა მარიხუანა მოიყვანეს. აქედან 95 ტონა ბრიტანული იყო.

რაც შეეხება მის ექსპორტს, აქაც პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, რომელმაც 2016 წელს 2.1 ტონა მარიხუანა გაყიდა, 500 კილოგრამით მეორე ადგილზეა ნიდერნალდები, ხოლო მესამეზე კი ავსტრია 200 კილოგრამით.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ტერიტორიაზე, ლეგალური მარიხუანას ყველაზე დიდი ნარგავები ბრიტანეთშია, მათი საერთო ფართობი 117 ჰექტარია. 15 ჰექტარით მეორე ადგილზე პორტუგალიაა. 

რა მედიკამენტები მზადდება მარიხუანას გადამუშავებით მიღებული პროდუქტისგან?

ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოს, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) სულ რამდენიმე მედიკამენტი აქვს რეგისტრირებული, რომლის ძირითადი აქტიური ნივთიერებაც მარიხუანას გადამუშავებით მიიღება. 

დრონაბილონი (სავაჭრო სახელწოდება მარინოლი) - არის THC-ს სინთეზირებული ფორმა და გამოიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში ანორექსიის სამკურნალოდ და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან.

ნაბილონი, ასევე სინთეზირებული THC-ის ფორმაა, რომელსაც იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად, ქრონიკული ტკივილის მართვისთვის ფიბრომიალგიის და გაფანტული სკლეროზის დროს.

ეპიდიოლექსი, რომელიც არის მარიხუანისგან პირდაპირ მიღებული CBD, გამოიყენება ეპილეფსიის ორი მძიმე ფორმის სამკურნალოდ (ლენოქსის სინდრომი და დრავეს სინდრომი).

 

კომენტარები