თბილისის მერია

მიხეილ ბარიშნიკოვს საპატიო თბილისელის სიგელი და სიმბოლური გასაღები გადაეცა

თბილისის მერია

მოცეკვავეს, ბალეტმაისტერსა და მსახიობს, მიხეილ ბარიშნიკოვს, თბილისის მერის სახელით, "საპატიო თბილისელის" სიგელი და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა.

ბარიშნიკოვი საქართველოში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება. ფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სპექტაკლით "ბროდსკი/ბარიშნიკოვი" გაიხსნა.

"მიხეილ ბარიშნიკოვი არის ლეგენდარული ადამიანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, ფაქტობრივად, თავისუფლების სიმბოლო და ასეთად რჩება დღემდე. მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სწორედ საქართველო და თბილისი ამოარჩია, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. მისი მხრიდან ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო, ქალაქ თბილისის მერის სახელით, საპატიო თბილისელის წოდება და თბილისის გასაღები გადავეცით", - აღნიშნა მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

​საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, რომელიც 14 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბერს დაიხურება, თბილისი წელს მეათედ მასპინძლობს.

კომენტარები