18 ივლისს დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი აქციას გორის ცენტრში გააგრძელებს

რადიო თავისუფლება

18 ივლისს დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი აქციას გორის ცენტრში გააგრძელებს

გორის სოფელ ხელთუბანთან  6 ივლისს დაღუპული 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები აქცია გამართეს და მერებაშვილის საქმის სრულფასოვანი გამოძიება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ გორში შინაგან საქმეთა მინისტრის და პროკურატურის წარმომადგენლების ჩასვლას.

მერებაშვილის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. 

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ბიჭებს შორის კამათი სისხლიან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო ჭრილობები სწორედ ამ დროს მიაყენეს.

"ამბობენ, რომ ავარია იყო და ასე მოკვდა ჩემი შვილი, მაგრამ ეს არ ყოფილა ავარია. ეს იყო მკვლელობა. სამი თვე გავიდა და არავინ არ არის დაკავებული. მე ვითხოვ, ჩამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მაღალჩინოსნები. დამელაპარაკონ და ამიხსნან, რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება", - თქვა გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.

ხელთუბანთან აქციის შემდეგ მერებაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები გორის ცენტრისკენ გაემართნენ და პროტესტს იქ გააგრძელებენ, მანამდე კი ხელთუბანთან ხმაური იყო, აქციის მონაწილეებმა მთავარი მაგისტრალი ნაწილობრივ გადაკეტეს - მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით იყო შეზღუდული. ავტობანზე ახლა მოძრაობა თავისუფალია. 

შსს აცხადებს, რომ საქმეს მოგვიანებით სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლიც დაემატა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს არც ცივი და არც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ ეტყობოდა, ამ ეტაპზე კი ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.

კომენტარები