სერენა უილიამსის კარიკატურა

Herald Sun-ში სერენას კარიკატურა გამოქვეყნდა, ის რასიზმად შეფასდა

ავსტრალიელმა კარიკატურების მხატვარმა სერენა უილიამსის კარიკატურა შექმნა, რომელსაც ჩოგბურთელის ფანები, მხატვრები და ცნობილი ადამიანები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ნახატი რასიზმის გამომხატველი და სექსისტურია.

მარკ ნაითის კარიკატურა Herald Sun-ის გაზეთში ორშაბათს გამოქვეყნდა. მასზე ასახულია ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, რომელიც გატეხილ ჩოგანზე ხტება, ხოლო მის გვერდით ბავშვის საწოვარა აგდია. კიდევ ერთი ჩოგბურთელი, ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული ნაომი ოსაკა კი ქერათმიან, თეთრკანიან ქალად არის წარმოდგენილი.

ნაითმა თავისი ნახატის დაცვა სცადა. 

“კარიკატურა სერენას ცუდი საქციელის შესახებაა და არა რასის. ამ ნახატის შექმნა კვირა ღამეს, US OPEN-ის ფინალის ყურების შემდეგ გადავწყვიტე. დავინახე რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი უკონტროლო გახდა და ვიფიქრე ეს საინტერესო იქნებოდა", - თქვა მან. 

მარკ ნაითს მხარი გაზეთის რედაქტორმა, დეიმონ ჯონსონმა, დაუჭირა და განაცხადა:

"მარკის ნახატს არანაირი კავშირი არ აქვს გენდერთან ან რასასთან." 

კარიკატურის ავტორის ეს განმარტება სერენას გულშემატკივრებისთვის მიუღებელია. ისინი ტვიტერსა და ინსტაგრამზე კარიკატურის კრიტიკას განაგრძობენ.

"ერთი დიდებული სპორტსმენი გადაარჩინეთ და დაიცავით სექსისტური და რასისტული შეფასებებისგან, მეორე დიდებული სპორტსმენი კი უსახურ დეკორაციად გადააქციეთ", წერს ჯოან როულინგი.

ინციდენტი ამერიკის ღია პირველობის ფინალურ მატჩში მოხდა. უილიამსი იაპონელ ნაომი ოსაკასთან მარცხდებოდა. მსაჯმა მას გაფრთხილება მისცა იმის გამო, რომ მწვრთნელი კარნახობდა. უილიამსმა ამის გამო მსაჯთან იჩხუბა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, ასევე აღნიშნა, რომ შვილიც ყავს. 

უილიამსი ფინალში დამარცხდა. ის 17 ათასი დოლარითაც დააჯარიმეს. 

37 წლის ამერიკელი სერენა უილიამსი ყველაზე ტიტულოვანი  ჩოგბურთელია. მას დიდი სლემის ტურნირი 23-ჯერ აქვს მოგებული. 

კომენტარები