შსს

შსს: ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლებას, მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"ქართული მარშის" ინფორმაციით, სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით, 18:00-ზე დინამოსთან აქცია გაიმართება.

მანამდე, დაჯგუფების ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა. თუმცა, ეს განცხადება გვერდიდან წაშლილია. 

დღეს, დინამო არენაზე საქართველო-ლატვიის ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართება. მოედანზე იქნება საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია, რომელიც, LGBT უფლებების და თანასწორობის იდეის მხარდაჭერისთვის, საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიის სამიზნე გახდა.

LGBT უფლებების მხარდამჭერი სამკლავურით კაშიამ 2017 წლის ოქტომბერში, "ვიტესის" რიგებში ითამაშა. საქართველოში ჰომოფობთა აგრესიის მიუხედავად, მან თქვა, რომ ამას არ ნანობდა. 2018 წლის აგვისტოში UEFA-მ მას თანასწორობის ჯილდო გადასცა. ამას იმავე ჯგუფების მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა მოჰყვა. გურამ კაშიას მხარი მრავალმა ქართველმა სპორტსმენმა დაუჭირა.

კომენტარები